მიხეილ სარჯველაძე - ევროპარლამენტართა შორისაც არსებობს მცდარი მოსაზრებები და შესაძლოა, ცალკეულ მოსაზრებასთან დაკავშირებით ნეგატიური დამოკიდებულება გვქონდეს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, ვუმასპინძლოთ
ჩვენ შეიძლება, ცალკეულ მოსაზრებებთან დაკავშირებით გვქონდეს ნეგატიური დამოკიდებულება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ვუმასპინძლოთ, შევხვდეთ, ვესაუბროთ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გვქონდეს დისკუსია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, სარჯველაძემ უპასუხა კითხვას: „ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის წინააღმდეგ მმართველი გუნდის გაკეთებული განცხადებები ხომ არ შეუქმნის „ქართულ ოცნებას“ უხერხულობას შეხვედრაზე“.
სარჯველაძის განცხადებით, არასწორია მიდგომა, რომ არც ერთი ევროპარლამენტარის არც ერთ არასწორ ქმედებაზე არ შეიძლება შეკამათება.
„ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არც ერთი ევროპარლამენტარის არც ერთ არასწორ ქმედებაზე და არასწორ აზრზე არ შეიძლება, ქართველი პოლიტიკოსი შეეკამათოს და დაუპირისპირდეს, ეს არასწორია. როდესაც ვთქვით, რომ რომელიმე აქტივობით ან რომელიმე მოსაზრების დეკლარირებით, შეიძლება, ვინმეს ქმედება, მათ შორის ევროპარლამენტარის, იყოს სასარგებლო კრიმინალების და კრიმინალური აქტივობის, ამის თაობაზე მეც და ყველა ჩემს კოლეგას უფლება გვაქვს, ამაზე ვისაუბროთ. სამწუხაროდ, ევროპარლამენტართა შორისაც არსებობს მცდარი მოსაზრებები. ჩვენ შეიძლება, ცალკეულ მოსაზრებებთან დაკავშირებით გვქონდეს ნეგატიური დამოკიდებულება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ჩვენ ვუმასპინძლოთ, შევხვდეთ, ვესაუბროთ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გვქონდეს დისკუსია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე დასმული საკითხები უკავშირდება საქართველოს სამომავლო პერსპექტივას ევროინტეგრაციის მიმართულებით და 12 პუნქტს.
„შეხვედრაზე საკითხები იქნება დასმული, რომელიც უკავშირდება საქართველოს სამომავლო პერსპექტივას ევროინტეგრაციის მიმართულებით და 12 პუნქტს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.