მიხეილ სარჯველაძე - ეს კოალიცია მარცხისთვის განწირულია, პოლიტიკურად ნელ-ნელა აჩრდილებს ემსგავსებიან
მიხეილ სარჯველაძე - ეს კოალიცია მარცხისთვის განწირულია, პოლიტიკურად ნელ-ნელა აჩრდილებს ემსგავსებიან

ჩრდილებს რაც შეეხება, ამაზე არ ვისაუბრებ, მაგრამ პოლიტიკურად კი ნელ-ნელა აჩრდილებს ემსგავსებიან, რადგან აშკარად იგრძნობა ნაბიჯების უკან დგმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიერ ე.წ. კოალიციური მთავრობის წევრების დასახელების შესახებ განაცხადა.

„მნიშვნელოვანი იყო, ალბათ ერთი, რომ თავდაპირველად, როდესაც დაიწყო პირველ ტურში საარჩევნო კამპანია, ბანერზე „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლიკა ნაკლებად იყო, ასე ვთქვათ, დემონსტრირებული. ეს რაღაც მინიშნებას თითქოს იძლეოდა, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო იყო მაგალითად, განცხადებები იმის შესახებ, რომ მათთვის საინტერესოა მხოლოდ თბილისი. ეს ნიშნავს იმას, პრაქტიკულად, ეს ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ ემიჯნება. არ ვიცი ხვალ, ზეგ, არჩევნებამდე როგორი იქნება მათი რიტორიკა, მაგრამ თვისობრივად ეს ამას ნიშნავს“,- განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, ეს კოალიცია მარცხისთვის განწირულია.

„ეს რამდენად გამოიწვევს იგივე პირველ ტურში საკუთარი ელექტორატის მობილიზებას, მხარდაჭერას, ამაზე პასუხის გაცემა საზოგადოებისთვის მიმინდვია. ვფიქრობ, ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს იმას, რომ მარცხისთვის, ეს, არ ვიცი, კოალიციას დავარქმევ, განწირულია და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამას წინ უძღოდა ორი პარტიისგან შემდგარი კოალიცია. მოკლედ, უცნაური კონფიგურაციები იბადება. მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ნაბიჯის უკან გადადგმით არ მგონია, პოტენციალს ავლენდნენ შემდგომ ნაბიჯების წინ გადასადგმელად. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მორიგი წარუმატებელი მცდელობაა, ხელოვნურად რაღაც დეკორაციების შექმნის, რომელიც მათ წარმატებამდე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიიყვანს.

ერთის მხრივ, მათ ძალიან ამძიმებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს მძიმე წარსული, რომელიც აქვთ და ამისგან გამიჯვნას ცდილობენ. თუმცა არაფერს ისეთს არ ამბობენ, რითაც შეიძლება, ახალი ელექტორატი გაიჩინონ. შესაბამისად, ეს ნიშნავს მათთვის გარდაუვალ მარცხს“, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.