მიხეილ სარჯველაძე - ე.წ. დიარჯი სისტემა არის უალტერნატივოდ სწორი მიდგომა, რომელიც გააჩენს ხარჯების რაციონალურად ხარჯვის უკეთეს შესაძლებლობას
მიხეილ სარჯველაძე - ე.წ. დიარჯი სისტემა არის უალტერნატივოდ სწორი მიდგომა, რომელიც გააჩენს ხარჯების რაციონალურად ხარჯვის უკეთეს შესაძლებლობას

ე.წ დიარჯი სისტემა არის უალტერნატივოდ სწორი მიდგომა, რომელიც გააჩენს ხარჯების რაციონალურად ხარჯვის უკეთეს შესაძლებლობას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მეთოდით სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება გასული წლის უმთავრესი და აუცილებელი სიახლე იყო.

„ეს არის სისტემა, რომლის იდეაც არის შემდეგი – ნებისმიერი კონკრეტული ტიპის სამედიცინო მომსახურება ანაზღაურდება არა იმის მიხედვით, რომელ კლინიკას რა ფასი აქვს, არამედ ერთგვაროვნად ყველასთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ ეს არის უალტერნატივოდ სწორი მიდგომა და ამის გარეშე შეუძლებელია აიხსნას ის, თუ რატომ იყენებს ამავე მოდელს შეერთებული შტატებიდან დაწყებული ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობით დამთავრებული.

ეს მეთოდი საქართველოშიც დაინერგა, რაც გააჩენს ხარჯების რაციონალურად ხარჯვის უკეთეს შესაძლებლობას. ცხადია, ისევე როგორც ნებისმიერი რეფორმის განხორციელებისას, არსებობს გამოწვევები. ამ თემებზე სამუშაოდ ჰქონდა ძალიან კარგი ინიციატივა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს. ჩვენ პრაქტიკულად მთელი საქართველოს მასშტაბით გვქონდა შეხვედრები, სადაც განიხილება ე.წ დიარჯის დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები და რეფორმის შემდგომი ეტაპები და გეგმები. ე.წ დიარჯის დანერგვა ნიშნავს კიდეც იმას, რომ მისი სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მისი მხარდაჭერა ისეთი მექანიზმებით, რომლებიც უზრუნველყოფს მუდმივად განახლების შესაძლებლობას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.