მიხეილ სარჯველაძე – დიდი ფასნამატით ხორციელდებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტების მიწოდება, არსებობდა კომერციული ინტერესი, საინტერესო მოცემულობა გვაქვს მას შემდეგ, რაც სისტემა ამ ყველაფრისგან გათავისუფლდა
დიდი ფასნამატით ხორციელდებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტების მიწოდება, არსებობდა კომერციული ინტერესი. დავიწყეთ აქტიური კონტროლი, გვქონდა შემოწმებების რამდენიმე ფაზა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს, დღეს რა მოცემულობაა ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარების კუთხით და მოახერხა თუ არა ჯანდაცვის სამინისტრომ, გამკლავებოდა გამოწვევებს.
„წარუმატებელი აღმოჩნდა ხელოვნურად მოწყობილი აჟიოტაჟები და აპოკალიფსური სურათების ხატვის მცდელობები. ბევრი რამ რეალურად იმთავითვე გასაგები იყო. რეფორმა არ იყო მარტივი. აღმოჩნდა, რომ დიდი ფასნამატით ხორციელდებოდა ამ მედიკამენტების მიწოდება. სამწუხაროდ, მავნე პრაქტიკა იყო, არსებობდა კომერციული ინტერესი, რაც შეიძლება დიდი ყოფილიყო მოხმარება და დამოკიდებულება ამ მედიკამენტებზე. მას შემდეგ, რაც სისტემა ამ ყველაფრისგან გათავისუფლდა, საინტერესო მოცემულობა გვაქვს, ერთი მხრივ, ფასების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, მეორე მხრივ, დავიწყეთ აქტიური კონტროლი ამ მიმართულებით. გვქონდა შემოწმებების რამდენიმე ფაზა. მოგეხსენებათ, ყველას არ აქვს რეცეპტის გამოწერის უფლება. ხოლო ვისაც აქვს უფლება, მათი კონტროლი არის მნიშვნელოვანი ამოცანა და აუცილებლად გაგრძელდება. მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალურად ფრთხილები იყვნენ, როდესაც ასეთი ტიპის საქმიანობას ახორციელებენ. ამ მედიკამენტების ავადმოხმარების რისკების გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველა იყოს ძალიან ყურადღებით, მობილიზებული, რაიმე პრობლემას ადგილი არ ჰქონდეს. ვგულისხმობ ექიმებს. კონტროლის დროს საკმაოდ ბევრი ნაკლოვანება გამოვლინდა. მაგალითად, ვიღაცას ზედმეტი დოზა ჰქონდა დანიშნული, ისეთი რაოდენობა, რომელიც რელევანტური არ არის. ამას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა. იყო პრაქტიკა, როდესაც ფიზიკურად მისვლის გარეშე ხდებოდა მედიკამენტის გამოწერა. ამ ყველაფერს მოსდევს შესაბამისი რეაგირება და პროცესი მიდის იქით, რომ მაქსიმალურად გასუფთავდეს სისტემა. აღრიცხვის წესები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იგივე ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობის მიმართულებით. მუდმივად იქნება კონტროლი, სახელმწიფო მოეპყრობა განსაკუთრებული ყურადღებით. ამ სფეროში აბსოლუტურად გამართლებულია უმკაცრესი კონტროლი, რათა ადგილი არ ჰქონდეს რისკებს, რაც ამ მედიკამენტების ავადმოხმარებას უკავშირდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების შემომტანი სრულად არის სახელმწიფო.
„არცერთი სხვა სტრუქტურა არ არის იმპორტიორი და ამით უშუალოდ დაკავებულია სახელმწიფო. ჩვენი სისტემის ქვეშ მყოფი სტრუქტურები პასუხისმგებლები არიან ამ მედიკამენტების იმპორტზე. არაერთი შეხვედრა გვქონდა ფარმაცევტულ სექტორთან, კლინიკებთან, ექიმებთან. დავამშვიდეთ ეს ხალხი, რომ არაფერი აპოკალიფსი არ დადგება რეფორმის შედეგად. საკმაოდ მარტივად, უმტკივნეულოდ წარიმართა რეფორმა. ყველა ცვლილებას ახლავს გარკვეული უხერხულობები, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად, ყველაფერი ჩადგა თავის კალაპოტში“, – განაცხადა სარჯველაძემ.
გადაცემის წამყვანმა ჯანდაცვის მინისტრს ასევე კითხვა დაუსვა „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: „თქვენ სამინისტროს დაევალა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის შექმნა, რასაც ასევე მოჰყვა დიდი ვნებათაღელვა. რატომ გახდა ამ ტიპის ცვლილება საჭირო?“, რაზეც სარჯველაძემ უპასუხა:
„ხანდახან მეჩვენება, რომ ქართველები ზედმეტად ემოციური ხალხი ვართ. ზოგჯერ ჭარბი ემოციის გამოვლენა გვახასიათებს ისეთ თემებზე, რომლებიც შეიძლება, ასეთი სანერვიულო არ იყოს. საკითხი უკავშირდება მნიშვნელოვან პერსონალურ მონაცემებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა ავიღოთ მოსახლეობის დაცვის ფუნქციაზე. მაგალითად, როდესაც წყვეტ მართვის მოწმობასთან დაკავშირებულ, ასევე იარაღის შენახვის თუ ტარების უფლების მინიჭების საკითხებს, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ეფექტიანი, გამართული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პიროვნების ვინაობის, მისი ჯანმრთელობის კონდიციების შესახებ ინფორმაციების ხელმისაწვდომობას. მცდელობა იყო, ხელოვნურად დაეძაბათ ადამიანები, სანერვიულო მიეცათ. დიდი ამბავი იყო ატეხილი ზოგიერთ ფსიქიკურ პათოლოგიაზე, იყო სკანდალის მოწყობის მცდელობა, თითქოს ადამიანებს, რომლებსაც უძილობა აწუხებთ, აღარ ექნებათ რაღაცის უფლება. საუბარი არ არის ასეთ შემთხვევებზე. სიამოვნებით მოვისმენდი, თუ არსებობს რაიმე ალტერნატიული გზა, რომ შსს-ს თანამშრომელი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, პირს მისცეს თუ არა იარაღის შეძენის უფლება, ხედავდეს ინფორმაციას, აქვს თუ არა რაიმე პათოლოგია, რამაც შეიძლება, იარაღის გამოყენებაზე რისკის გაზრდა გამოიწვიოს. შსს-ს, ისევე როგორც ყველა საჯარო დაწესებულებას ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, მათ შორის იმ გზით, როგორიც არის ცნობის წარდგენა. აჟიოტაჟი ატყდა, რომ ისედაც მოთხოვნილი უნდა ყოფილიყო და შსს-ში წარდგენილიყო ცნობა იმის შესახებ, კონკრეტულ პიროვნებას აქვს თუ არა ფსიქიატრიული პრობლემა. ესე იგი, ასეთ შემთხვევაში ვამბობთ, რომ ლეგიტიმურია, შსს-ს ასეთ ინფორმაციაზე ჰქონდეს წვდომა? მეორე საკითხია, როგორ იქნება ეს გამართული ტექნოლოგიურად. პერსონალური მონაცემების მარეგულირებელ კანონმდებლობაში, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო, უხვად არის მექანიზმები, რომლებიც გარანტიებს ადგენს, რომ პერსონალური მონაცემები იყოს დაცული. არაერთ უმნიშვნელოვანეს და ძალიან სენსიტიურ ინფორმაციას ფლობს არაერთი სახელმწიფო დაწესებულება როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე ნასამართლეობის შესახებ. ეს არ ნიშნავს, რომ პერსონალური მონაცემის კუთხით უფლებებს არღვევს. უამრავი გარანტიაა, რომელიც პირს იცავს პერსონალური მონაცემების არასწორად გამოყენების, დამუშავებისგან, ადამიანებს ამ უფლების დარღვევისგან აზღვევს. ვფიქრობ, ემოციები გადაჭარბებული იყო, საღად თუ შევხედავთ, ინიციატივის მიზანი და ამოცანაა, უზრუნველყოფილი იყოს სწორი გადაწყვეტილებების მიღება“.