მიხეილ სარჯველაძე - დიდი ძალისხმევა ჩაიდო პენიტენციურ სისტემაში „კოვიდ-19“-თან ეფექტური ბრძოლისთვის და აღიარებამაც არ დააყოვნა
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის საამაყოა ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს მიერ და რომელიც აფასებს „კოვიდ“-პანდემიის გავლენას პენიტენციურ სისტემებზე ცალკეულ სახელმწიფოებში.
პენიტენციურ სისტემაში „კოვიდ-19“-თან ეფექტური ბრძოლის შედეგად, საქართველო ევროპის საბჭოს წარმატებული ქვეყნების რიცხვში მოხვდა.
სარჯველაძის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება და ძალისხმევა გახდა აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოს მიეღწია ასეთი შედეგისთვის პენიტენციურ სისტემაში.
„იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და უდიდესი ძალისხმევა ჩაიდო ამ მიმართულებით. შესაბამისად, შედეგმაც, აღიარების თვალსაზრისით, ნამდვილად არ დააყოვნა.
ეს არის უზარმაზარი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც სულ რამდენიმე ქვეყანას შორის აღინიშნება, როგორც წარმატებული, ეფექტიანი მმართველობა ამ მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვას და პატიმართა უფლებების უზრუნველყოფას. ეს მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.