მიხეილ სარჯველაძე - დღევანდელი გადაწყვეტილებით გაჩნდა შესაძლებლობა, რომ პროცესები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს
მიხეილ სარჯველაძე - დღევანდელი გადაწყვეტილებით გაჩნდა შესაძლებლობა, რომ პროცესები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს

დღევანდელი გადაწყვეტილებით გაჩნდა შესაძლებლობა, რომ პროცესები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, გორის ჰოსპიტალზე მიზეზი არ იარსებებს, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყოს გაზიარებული და დათანხმებული.

„ჩემთვის ასეთი მიზეზის მოფიქრება წარმოუდგენელია. რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული? – ჯანდაცვის სერვისებისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით. ამ მიზეზებიდან გამომდინარე ყველაზე ლოგიკური და გამართლებული გადაწყვეტილებაა ის, რაც მიიღეს. დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით გორის ჰოსპიტალს აქვს ნორმალური პირობები. სამედიცინო თვალსაზრისით, პრაქტიკულად, უნაკლოდ მოწყობილი ჰოსპიტალია. ყველა თვალსაზრისით დაბალანსებული გადაწყვეტილებაა მიღებული. რეალისტური რისკებია, რომელთა მიმართ გამკლავების კონკრეტული გეგმაა და გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით მიიღება. დღევანდელი გადაწყვეტილებით, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ პროცესები ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა შეთავაზება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. მისი თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.