მიხეილ სარჯველაძე - დღეს საქართველოს ხელისუფლების ამოცანა გახლავთ, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უსაფრთხოება დაცული იყოს
მიხეილ სარჯველაძე - დღეს საქართველოს ხელისუფლების ამოცანა გახლავთ, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უსაფრთხოება დაცული იყოს

დღეს საქართველის ხელისუფლების ამოცანა გახლავთ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უსაფრთხოება დაცული იყოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლება ყველა მხრივ დაცული უნდა იყოს.

„ზოგადად, ასე ხმამაღლა არ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რომელ საკითხებსაც ეხება ჩვენი კოლეგების განცხადებები. თუმცა, შემიძლია, ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ დღეს საქართველის ხელისუფლების ამოცანა გახლავთ, რომ რეალურად მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უსაფრთხოება დაცული იყოს. დაცული იყოს მისი უსაფრთხოება ყველა თვალსაზრისით, მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებებიც და იმავდროულად, მასზე ძალდობრივი ზემოქმედების რისკებიც აღკვეთილი და ნეიტრალიზებული იყოს. ეს არის ამოცანა, რომელიც ამ წუთას საქართველოს სახელმწიფოს წინაშე დგას“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „სააკაშვილის პატრონებმა მოუხშირეს საუბარს, რომ ციხეში მისმა შესაძლო სიკვდილმა შეიძლება, ქვეყნის მომავალი განსაზღვროს“. განცხადების თანახმად, სააკაშვილი თავის „პატრონებს“ კონკრეტული თემებით აშანტაჟებს. ამასთან, განცხადების ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, რათა სააკაშვილის „პატრონებს“ არცერთი გეგმის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცეთ.