მიხეილ სარჯველაძე - დღეს პრაქტიკულად აღარ არსებობს სოლიდური მიზეზი, რომელზე დაყრდნობითაც პარტიას შეუძლია, მცირედი დამაჯერებლობით მაინც ახსნას, რატომ არ შედის პარლამენტში
მიხეილ სარჯველაძე - დღეს პრაქტიკულად აღარ არსებობს სოლიდური მიზეზი, რომელზე დაყრდნობითაც პარტიას შეუძლია, მცირედი დამაჯერებლობით მაინც ახსნას, რატომ არ შედის პარლამენტში

დღეს პრაქტიკულად აღარ არსებობს სოლიდური მიზეზი, რომელზე დაყრდნობითაც პარტიას შეუძლია, მცირედი დამაჯერებლობით მაინც ახსნას, რატომ არ შედის პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„დღეს, პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბოტაჟის ის მცდელობები და ხაზი, რომელსაც ოპოზიცია მიმართავდა, გადალახულია. ამჟამად, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, პარლამენტში ვიხილოთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, დაპირისპირებულ პოზიციებს შორის სრულფასოვანი საპარლამენტო დისკუსია, კრიტიკული მოსაზრება და ა.შ“, – განაცხადა სარჯველაძემ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დაძლევს თუ არა „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-იან ბარიერს, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია ამ ბარიერის დაძლევას აუცილებლად შეძლებს.

„ამის თქმის საშუალებას მაძლევს გუნდის მობილიზებულობა და საზოგადოების განწყობები“, – განაცხადა სარჯველაძემ.

შეკითხვაზე, აისახება თუ არა შედეგებზე მმართველ გუნდში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები, როგორიცაა პარტიის თავმჯდომარის წასვლა და პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის წასვლა ნამდვილად მძიმე დანაკლისია, ხოლო პრემიერის წასვლას რაც შეეხება, რასაკვირველია, ეს შედეგებზე გარკვეულ გავლენას მოახდენს, მაგრამ არა დრამატულ გავლენას.

„რასაკვირველია, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო საზოგადოდ პოლიტიკაში და ბევრი ადამიანისთვისაც, ვისაც პირადად ვიცნობ. მათი პირადი შეხედულება და „ქართული ოცნების“ მიმართ პოზიტიური განწყობა სწორედ ამაზე იყო დაფუძნებული. თუმცა, არ მგონია, რომ ყველა მათგანს შეიძლება, გაუქრეს სიმპათიები „ქართული ოცნების“ მიმართ და მხარდაჭერა ყველამ გადაიფიქროს. რაც შეეხება პრემიერის წასვლას, რასაკვირველია, ესეც იქნება გარკვეული გავლენის მომხდენი, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ამ შემთხვევაში, დრამატული გავლენის მომხდენი იქნება. არ მგონია, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომა პარტიის მხარდაჭერის საკითხში დრამატულ ცვლილებას შეიტანს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.