მიხეილ სარჯველაძე - დეპუტატებისთვის პატიმრის მონახულების უფლების მიცემა არ არის თავად პატიმრის უფლება, ეს არის დეპუტატის უფლება
მიხეილ სარჯველაძე - დეპუტატებისთვის პატიმრის მონახულების უფლების მიცემა არ არის თავად პატიმრის უფლება, ეს არის დეპუტატის უფლება

პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობა აკრძალულია აქვს სააკაშვილს, მაგრამ მეორე მხრივ, დეპუტატებისთვის უფლების მიცემა, რომ პატიმარი მოინახულოს, ეს არ არის უფლება, რომლითაც პატიმარი სარგებლობს. პატიმარს კი არ რთავენ ნებას, ნებას რთავენ დეპუტატს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, სააკაშვილის სანახავად დეპუტატების შესვლის შეზღუდვით, იზღუდება თუ არა თავად სააკაშვილის პოლიტიკური აქტივობა.

„როდესაც ასეთ პრიზმაში ვსახამთ საკითხს, რომ ეს არის სააკაშვილის უფლების შეზღუდვა, ეს არასწორი და მცდარი მოსაზრებაა. დეპუტატებს რაც შეეხებათ, ამასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული ფორმალური საკითხები გადასაწყვეტი. ყველა გარემოება მხედველობაში მისაღებია და როდესაც რაღაც გადაწყვეტილებაზე დისკუსია მიმდინარეობს, ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, ჩაითვალოს და მოინათლოს როგორც რაღაც წინააღმდეგობის გაწევა და ხელოვნური ბარიერების შექმნა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

სააკაშვილს რატომ არ აქვს პოლიტიკური აქტივობის უფლება საქართველოში?

„ორი მნიშვნელოვანი წინაღობა აქვს ამ შემთხვევაში სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის თვალსაზრისით; პირველი ეს არის მოქალაქეობის საკითხი და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, ყველა ცივილიზებული სახელმწიფოს კანონმდებლობით, პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობები პოლიტიკურ პროცესში, როგორც აქტიური საარჩევნო უფლების, ისე პასიური საარჩევნო უფლების თვალსაზრისით. მეორე მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც მხედველობაშია მისაღები, ეს არის მისი მსჯავრდებულობა. მსჯავრდებულობა ავტომატურად ყველა უფლებას არ ართმევს პირს პოლიტიკაში მონაწილეობისას, მაგრამ ცალკეული თანამდებობების დაკავების შესაძლებლობას რასაკვირველია, რომ უზღუდავს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გუშინ პოსტი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ მასთან დეპუტატების შესვლას არ დაუშვებენ, დღეიდან ის უარს განაცხადებს მკურნალობის კურსზე.