მიხეილ სარჯველაძე - ჩვენი ვალდებულებაა, აქტიურად განვაგრძოთ მუშაობა სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებაზე, აუცილებლად უნდა ვდგამდეთ ნაბიჯებს მუდმივი გაუმჯობესებისთვის
მიხეილ სარჯველაძე - ჩვენი ვალდებულებაა, აქტიურად განვაგრძოთ მუშაობა სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებაზე, აუცილებლად უნდა ვდგამდეთ ნაბიჯებს მუდმივი გაუმჯობესებისთვის

დისკრედიტაცია ზოგადად არ ვარგა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავუკრძალოთ საკუთარ თავს სასამართლო რეფორმებზე საუბარი, ასე არ უნდა გავიგოთ არც ერთ შემთხვევაში. არ მგონია, რომ სასამართლო კორპუსს ეს ეგულისხმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეების დღევანდელი განცხადება არ უნდა იყოს აღქმული ისე, თითქოს სასამართლო რეფორმაზე საუბარი არ შეიძლება.

„ჩვენ რასაკვირველია გვავალია, რომ აქტიურად განვაგრძოთ მუშაობა სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებაზე, ეს პროცესი არასდროს უნდა დასრულდეს, გაუმჯობესების პერსპექტივებს უნდა ვეძებდეთ და აუცილებლად უნდა ვდგამდეთ ნაბიჯებს მუდმივი გაუმჯობესებისთვის. ეს არის კარგი მმართველობის უმთავრესი პრინციპი, რაც რა თქმა უნდა მოიცავს სასამართლო ხელისუფლებასაც. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურას იურიდიული საკითხთა კომიტეტი დაადგენს, პროცედურა განსაზღვრულია, იქ არის მოსმენები დასაგეგმი და ასე შემდეგ. ვერ გეტყვით ზუსტად როგორი იქნება მათი გრაფიკი, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ერთი რამ ვიცი დანამდვილებით, რომ არც ერთი ნაბიჯი და ეტაპი არ დარჩება საზოგადოების ყურადღების მიღმა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

დღეს მოსამართლეებმა ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს, სადაც ისინი ყველა მხარეს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისგან.