მიხეილ სარჯველაძე - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან რუსეთის ქმედებების ყოველი ნეგატიური შეფასება ძალზედ მნიშვნელოვანია და მძლავრი ბერკეტი შეიძლება, აღმოჩნდეს
ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან რუსეთის ქმედებების ყოველი ნეგატიური შეფასება ძალზედ მნიშვნელოვანია და მძლავრი ბერკეტი შეიძლება, აღმოჩნდეს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ევროკავშირის სამიტზე მიღებულ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატების რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მიდგომას შეიმუშავებენ.
„ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. ზოგადად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაკეთებული ყოველი ახალი შეფასება, რუსეთის ქმედებების ნეგატიური შეფასება არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთგვარი, ახლებური ტიპის შეფასებებია და პირდაპირ ხორციელდება მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პრაქტიკულად უდაო გახადა რუსეთის მხრიდან ოკუპაცია, ფაქტობრივი კონტროლის არსებობა.
ამ პირობებში ასეთი ტიპის შეფასებები, როგორსაც ახლა ვხედავთ, მძლავრი ბერკეტი შეიძლება, აღმოჩნდეს რუსეთის წინააღმდეგ, რათა იძულებული აღმოჩნდეს, ერთ მშვენიერ დღეს და სასურველია, ეს მშვენიერი დღე რაც შეიძლება სწრაფად დადგეს, რეალურად შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, ხელი აიღოს დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტის ხელყოფაზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.