მიხეილ სარჯველაძე - ჩვენი დასავლელი პარტნიორების გაცხადებული მესიჯია, რომ არ გვქონდეს საკამათო საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან გაგვიჭირდება მოლაპარაკება
მიხეილ სარჯველაძე - ჩვენი დასავლელი პარტნიორების გაცხადებული მესიჯია, რომ არ გვქონდეს საკამათო საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან გაგვიჭირდება მოლაპარაკება

ოპოზიციის შემოთავაზებაა, ერთგვარად, გაფართოვდეს იმ დოკუმენტის შინაარსი, რითაც ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობა შეიზღუდება, მაგრამ შეიძლება, ესეც ბევრი ინსინუაციის მიზეზი გახდეს, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ოპოზიციის მცდელობაა, მოდით, შემოვსაზღვროთ, რომ თუ მომავალში გაჩნდება რაღაც ინფორმაცია ახალი დანაშაულის შესახებ, რომელიც ამწუთას არ მიმდინარეობს და სხვა მუხლით იქნება დაკვალიფიცირებული, იმაზე ამნისტია არ გავრცელდესო. ასეთია მათი შემოთავაზება, რომ ერთგვარად, გაფართოვდეს იმ დოკუმენტის შინაარსი, რითაც ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობა შეიზღუდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ესეც ბევრი ინსინუაციის მიზეზი შეიძლება, გახდეს. ახლა ასე მიდის საუბარი და ეჭვები გამოითქმის, მიზანი ის ხომ არ არის, რომ რომელიმე დანაშაულს ხელი დაეფაროს ჩვენი მხრიდან, მაგრამ მოდით, პირიქით შევხედოთ – 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ამ ამნისტიის მიხედვით შესაძლებლობა რომ დავტოვოთ რომელიღაც ოპოზიციური მოღვაწის წინააღმდეგ საქმის აღძვრის, ძიების და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების, ეს ხომ არ ივარგებს? იმ დოკუმენტის პათოსი ზუსტად ის არის, რომ გადაფურცლეთ, შეამცირეთ ეს მნიშვნელოვანი საკითხი და ამოაგდეთ დღის წესრიგიდან, რასთან დაკავშირებითაც თქვენი აზრები პოლარიზებულიაო“, – განაცხადა სარჯველაძემ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა შეთანხმდეს თუ არა დაზარალებულებთან ამნისტიის აქტი, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ შეთანხმება ამასაც არ ითვალისწინებს, როგორც პირობას.

„მესმის, რომ ამ შემთხვევაში დამატებით შეიძლება ფიქრი. სხვათა შორის, ჩვენ იმთავითვე გვქონდა პოზიცია, რომ აგერ არის საპარლამენტო დისკუსიების ფორმატი, პირველი მოსმენა, მეორე მოსმენა, დავაინიციროთ, როგორც არის შეთანხმებასთან ყველაზე ახლო ტექსტი და ამასთან დაკავშირებით შემდეგ ვისაუბროთ საჯაროდ თქო. პირადად ჩემი პოზიციაა, რომ ეს ამ შემთხვევაში არ უნდა ჩაიდოს. იცით, რატომ? – მერე ინდივიდუალურად მოხდება საკითხების გადაწყვეტა და პათოსი დაიკარგება. რაც ყველაზე მთავარია, დაიკარგება მიზანი, რაც ამ დოკუმენტს აქვს. ამ დოკუმენტში ჩვენი დასავლელი პარტნიორების გაცხადებული მესიჯი არის შემდეგი – არ გქონდეთ საკამათო საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან გაგიჭირდებათ მოლაპარაკება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არ შეიძლება, ამნისტია პერსონიფიცირებული იყოს და ის აუცილებლად უნდა ეხებოდეს პირთა განუსაზღვრელ წრეს.

მისი თქმით, მავანი ცდილობს, ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს, მძიმე დანაშაული მხოლოდ ერთ მხარეს არის ჩადენილი, სხვა მხარეს კი არავითარ დანაშაულს არ აქვს ადგილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.