მიხეილ სარჯველაძე ჩრდილოეთ მაკედონიის სოციალური პოლიტიკის, დემოგრაფიისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა
დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე გამართული საერთაშორისო მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჩრდილოეთ მაკედონიის სოციალური პოლიტიკის, დემოგრაფიისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, ფატმირ ლიმანისთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს დემოგრაფიული ცვლილებების ფონზე ქვეყნებში არსებულ გამოწვევებსა და იმ პოლიტიკურ მიდგომებზე, რომლებიც მიზნად ისახავს სოციალური სისტემების გაძლიერებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოჯახზე ორიენტირებულ პოლიტიკას, ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამებსა და შრომის ბაზრის თანამედროვე ტენდენციებს.
ასევე განიხილეს სოციალური დაცვის სისტემების მდგრადობის საკითხი და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა დემოგრაფიული პოლიტიკის ეფექტიანობის გასაძლიერებლად. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, გააღრმაონ თანამშრომლობა როგორც პოლიტიკის დაგეგმვის, ისე პრაქტიკული გამოცდილების გაცვლის მიმართულებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და ბულგარეთის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ხამაშურიძე.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.