მიხეილ სარჯველაძე - ჩინეთში ვიზიტებში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო არათუ არაფერია, არამედ ასეთი ტიპის ვიზიტები ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებშია
მიხეილ სარჯველაძე - ჩინეთში ვიზიტებში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო არათუ არაფერია, არამედ ასეთი ტიპის ვიზიტები ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებშია

ჩინეთში ვიზიტებში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო არათუ არაფერია, არამედ ასეთი ტიპის ვიზიტები საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებშია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„როგორც არ უნდა ეცადოს ოპოზიცია, რომ რაღაც ისტორია შეთხზას, რათა ჩაითვალოს, რომ ეს საქართველოს ინტერესებს აზიანებს, ეს, რასაკვირველია, უმაქნისი იქნება. გვახსოვს, იმავე ოპოზიციის ხმამაღალი განცხადებები, თითქოს ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების გაფორმება კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ხელს შეუშლიდა, რაც მართალი არ აღმოჩნდა. ევროპის არაერთ სახელმწიფოს ჩინეთთან ძალიან ღრმა და ინტენსიური ურთიერთობები აქვს, რაც ნორმალურია. ნახეთ, როგორია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან ჩინეთთან არსებული სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა, თუნდაც – ჩინეთისა და აშშ-ის. ჩინეთს არაერთხელ მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც არაერთ დოკუმენტშია გათვალისწინებული, მაგრამ თუ რომელიმე დოკუმენტში გათვალისწინებული არ არის, ეს ჩინეთის მკაფიო პოზიციაზე ვერავითარ უარყოფით გავლენას ვერ იქონიებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება საკითხს, რაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას უკავშირდება, ჩინურ კომპანიებს სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებამდეც ჰქონდათ შანსი იმისა, რომ პორტის მშენებლობის პროცესში ჩართულიყვნენ და ამ მხრივ, სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შემდეგ არაფერი შეცვლილა.

„საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც საუბარია დერეფნის ფუნქციაზე, როგორი უნიკალური როლიც ბევრ სახელმწიფოს შეიძლება არც ჰქონდეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმოსავლეთში მდებარე ისეთი დიდი ეკონომიკა, როგორიცაა ჩინეთი. ამიტომ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობები ჩინეთთან, რომელიც განიხილება, როგორც მთავარი აქტორი. შუა დერეფნის ფუნქცია – სტრატეგიული მიზანი საქართველოს დერეფნისა იკარგება, თუ არ იქნება თანამშრომლობა ჩინეთთან. ჩინეთი განიხილება, როგორც მთავარი აქტორი იმ სავაჭრო ურთიერთობებში, რომელიც საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება.