მიხეილ სარჯველაძე - პოზიციები, რომლებზეც ვდგავართ, განაპირობებს საჭიროებას, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა ერთმანეთს მეტად მოვუსმინოთ, ვიდრე მტრების განცხადებებით ვაკეთებდეთ განცხადებებს
მიხეილ სარჯველაძე - პოზიციები, რომლებზეც ვდგავართ, განაპირობებს საჭიროებას, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა ერთმანეთს მეტად მოვუსმინოთ, ვიდრე მტრების განცხადებებით ვაკეთებდეთ განცხადებებს

ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს რუსეთის სახელმწიფო მოხელეების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნაკლებად შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც სარწმუნო და პირუთვნელ შეფასებებად საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა მოსკოვში, გონჩაკოვის ფონდში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „საერთაშორისო სანქციებზე საქართველოს პოზიცია შეუმჩნეველი არ დარჩება“.

„კარასინი რას ამბობს, არ არის ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც საკუთარი ქვეყნის ქმედებების შეფასება. ამ თვალსაზრისით არ მგონია, რომ საქართველოს ამ წუთას, ამ ვითარებაში რამე საკრიტიკო ჰქონდეს. ყველა ფაქტორის მხედველობაში მიღებით, ზედმიწევნით მართებული და სწორი მგონია ყველა ნაბიჯი, რაც საქართველომ გადადგა ან თუნდაც რომელიც არ გადადგა. რაც შეეხება საკითხს, როგორ აფასებს ამ ყველაფერს ბატონი კარასინი და რა მოტივით აფასებს საქართველოს ხელისუფლების თითოეულ მოქმედებას, ეს კიდევ ცალკე დისკუსიის საგანია. თუმცა ჩემთვის მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს რუსეთის სახელმწიფო მოხელეების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს იმ თვალსაზრისით, რომ ეს ნაკლებად შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც სარწმუნო და პირუთვნელ შეფასებებად საქართველოს ხელისუფლების მიმართ ან ზოგადად, საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით.

ინფორმაცია გახდა ცნობილი, რომ რაღაც საექსპერტო დონეზე გაიმართა შეხვედრა, თუმცა ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმის საფუძვლს, რომ შეხვედრა საქართვლოს ჩართულობასთან გავაიგივოთ. შეიძლება, ყოველთვის გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დადიოდნენ მაგალითად, პუტინთან შეხვედრებზე და თვლიდნენ, რომ იქ, კრემლთან მოლაპარაკებები წარმოადგენს საქართველოს პრობლემების გადაჭრის ერთადერთ სწორ გზას. ასეთები სამწუხაროდ, პოლიტიკურ წრეშიც არსებობს, მაგალითად, ოპოზიციის მხარეს. თუმცა ჩვენ ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით და არ ვთვლით, რომ ეს სწორია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, კარასინის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ოლეგ ნიკოლენკო, რომელმაც „ტვიტერზე“ ქართულად დაწერა: „რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა შეაქო საქართველო იმისთვის, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და „მადლობის გადახდა“ დაჰპირდა. თბილისი – იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ – არ გრცხვენიათ?“

მიხეილ სარჯველაძემ ნიკოლენკოს ამ გამოხმაურებასაც უპასუხა.

„ვისურვებდი, უკრაინელები ჩვენს სიტყვასთან მიმართებით მეტი ინტერესით იყვნენ განწყობილი, ვიდრე რუსეთის სახელმწიფო მოღვაწეებისგან გაკეთებულ განცხადებებთან მიმართებით. ეს უფრო ლოგიკური და სწორი იქნებოდა. ალბათ პოზიციები, რომლებზეც ვდგავართ, ესეც განაპირობებს საჭიროებას, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა ერთმანეთს მეტად მოვუსმინოთ, ვიდრე მტრების განცხადებებით ვაკეთებდეთ განცხადებებს.

რომელი სანქცია მიაჩნია ვინმეს რელევანტურად, რომ საქართველომ მეტი გააკეთოს, რაღაც ნაბიჯები გადადგას და ქმედითი აღმოჩნდეს. ისეთი, რომელიც რუსეთისთვის უფრო ზიანის მომტანი იქნება, ვიდრე საქართველოსთვის. რა შეიძლება იყოს ასეთი? არ მგონია, ვინმემ მიაგნოს ასეთი ტიპის რეკომენდაციას, რომ რაღაც სანქცია დაწესდეს, რომელსაც გონივრული დასაბუთება და არგუმენტაცია ექნება. სანქციების დაწესების თვითმიზნად გამოცხადება, პრინციპულად არასწორი მგონია. ეს სწორი მიდგომა არ არის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.