მიხეილ სარჯველაძე - ჩამოსული ექსპერტი მოამზადებს დასკვნას და იმის მიხედვით დაიგეგმება სააკაშვილთან დაკავშირებით მომდევნო ეტაპები, თუმცა არ შეიძლება, ერთი დასკვნა იყოს უპირობო ჭეშმარიტებად მიჩნეული
მიხეილ სარჯველაძე - ჩამოსული ექსპერტი მოამზადებს დასკვნას და იმის მიხედვით დაიგეგმება სააკაშვილთან დაკავშირებით მომდევნო ეტაპები, თუმცა არ შეიძლება, ერთი დასკვნა იყოს უპირობო ჭეშმარიტებად მიჩნეული

ჩამოსული ექსპერტი დადებს დასკვნას და დასკვნა როგორიც იქნება, იმის მიხედვით დაიგეგმება სააკაშვილთან დაკავშირებით მომდევნო ეტაპები, არ მგონია, ისეთი დასკვნა დაიდოს, რომელმაც ამ დრომდე ჩატარებული მკურნალობის გადახედვა განაპირობოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დრომდე არსებული არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ სააკაშვილს რაიმე ისეთი სამკურნალო პროცედურა ესაჭიროება, რაც საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი.

„ოპონენტების პოპულისტური მოსაზრება, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა აუცილებლობით არის ნაკარნახევი, სინამდვილეს არ შეეფერება. ამ დრომდე არსებული არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ სააკაშვილს რაიმე ისეთი სამკურნალო პროცედურა ესაჭიროება, რაც საქართველოში ხელმიუწვდომელია და მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ უცხოეთში. სამართლებრივად არგუმენტი არ არის წარმოდგენილი, რომ სააკაშვილს სასჯელი უნდა გადაუვადდეს, ან გათავისუფლდეს. ჩამოსული ექსპერტი დადებს დასკვნას და დასკვნა როგორიც იქნება, იმის მიხედვით დაიგეგმება მომდევნო ეტაპები. არ მგონია, ისეთი დასკვნა დაიდოს, რომელმაც ამ დრომდე ჩატარებული მკურნალობის გადახედვა განაპირობოს. პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც სააკაშვილის თავისუფლება და სასჯელის აცდენა მნიშვნელოვანია, გააფთრებით ცდილობს, რომ ხელოვნურად შექმნას არარსებული არგუმენტები მის გასათავისუფლებად. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში მათი მხრიდან ნებისმიერი ხერხის გამოყენებაა მოსალოდნელია, მათ შორის ექსპერტის ჩამოყვანა და იმ კითხვების დასმა, რომელზეც შესაძლებელია მათთვის სასურველი პასუხი გააჩინონ, თუმცა სადაც არ არსებობს მიზეზი, ამის ხელოვნურად დასაბუთების შექმნაზე მუშაობა არ მგონია პერსპექტიული იყოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ექსპერტიზა არ ქმნის ავტომატურად სამართლებრივ გადაწყვეტილებებს“.

„სამართლებრივად მნიშვნელოვანია პროცესუალური გადაწყვეტილებების მიიღება პროცესის მწარმოებელი პირების მხრიდან და ისიც საკანონმდებლო ან ნორმატიული საფუძვლების არსებობისას. თუ დასაბუთდება რომელიმე ნორმატიული საფუძველი იმ დასკვნით, ამან შეიძლება შეცვალოს ვითარება და პროცესუალური მიმდინარეობა, თუმცა არ შეიძლება, ერთი რომელიმე დასკვნა იყოს უპირობო ჭეშმარიტებად მიჩნეული. მარტივად რომ ვთქვა, ექსპერტიზა ავტომატურად სავალდებულო გადაწყვეტილებას არ განაპირობებს. დასკვნა სამსჯელო გახდება სასამართლოსთვის, ასევე პროცესის მწარმოებელი სხვა სუბიექტებისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

​საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დღეს გაერო-ს ექსპერტი მოინახულებს.