მიხეილ სარჯველაძე - ბევრი რამ მიუთითებს, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია ხელის შეშლა და ხელისუფლების ამ გზით დაზიანება, ვიდრე ქვეყნის გამარჯვება
მიხეილ სარჯველაძე - ბევრი რამ მიუთითებს, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია ხელის შეშლა და ხელისუფლების ამ გზით დაზიანება, ვიდრე ქვეყნის გამარჯვება

იმ დროს, როცა ჩვენს ქვეყანას წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით მთავარი გადაწყვეტილებები ელოდება, „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება ამ თვალსაზრისით იმდენად აქცენტირებული არ იყო, რამდენადაც იმ ვიწრო პარტიულ პრობლემებზე, რომელიც დღის წესრიგში „ევროპის სახალხო პარტიის“ საქართველოში მოკავშირეს – „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებას დასანანს უწოდებს.

„ეს მართლაც დასანანია, რადგან მნიშვნელოვანია ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტებზე ვისაუბროთ, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ პრიორიტეტსა და ინტერესებზე. ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, კოლეგებისგან ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას ვისურვებდი, ვიდრე სხვა რამეზე. ჩვენ თვალს ვადევნებთ, როცა მთელი ოპოზიცია ამბობს, თითქოს, საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, თუმცა რეალურად სხვა მიზნები და ჩანაფიქრები აქვთ. ეს არის ვიწროპარტიული ინტერესები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ქვეყნის საერთო ინტერესებს ეწინააღმდეგება და სამწუხაროდ, ევროინტეგრაციის პროცესი გამონაკლისი არ აღმოჩნდა. ბევრი რამ მიუთითებს, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია ხელის შეშლა და ხელისუფლების ამ გზით დაზიანება, ვიდრე ქვეყნის გამარჯვება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით, საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო წლებში ევროპის სახალხო პარტია დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციას.

დატოვე კომენტარი