მიხეილ სარჯველაძე - აუცილებელია, ჩანაწერებთან დაკავშირებით დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები
მიხეილ სარჯველაძე - აუცილებელია, ჩანაწერებთან დაკავშირებით დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, აუცილებელია ყველა დაელოდოს გამოძიების შედეგებს და შემდეგ გაკეთდეს შეფასებები.

„მცდარი მსჯელობაა, როდესაც ფაქტი გავრცელდა ასეთი, რომ პირდაპირ სახელმწიფო დაადანაშაულეს და მთავარ ეჭვმიტანილად გამოიყვანეს. ამიტომ არის აუცილებელი, რომ გამოძიების რეზულტატებს დაველოდოთ და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის დღევანდელი განცხადებაც შეაფასა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ლილუაშვილი ამბობს, რომ პასუხისმგებლობას იღებენ ყველა მოვლენაზე, რაც უსაფრთხოებას უკავშირდება და საზოგადოება უნდა დაელოდოს გამოძიებას.

სარჯველაძის თქმით, სწორედ ახლა აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა გამართულად ფუნქციონირებდეს ისეთი მნიშვნელოვანი საჯარო დაწესებულება, როგორიც არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

„რაც შეეხება რელევანტური და ადეკვატურია თუ არა ლილუაშვილის განცხადება ამასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად რელევანტურია, სწორია და გამიკვირდებოდა, რომ სხვაგვარი ყოფილიყო დამოკიდებულება. ეს არის პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება, როდესაც სწორედ ახლა აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, გამართულად ფუნქციონირებდეს ისეთი მნიშვნელოვანი საჯარო დაწესებულება, რომელიც გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ამის უზრუნველყოფა, რეალურად, შეუძლია იმ კაცს, რომელიც ახლა ხელმძღვანელობს ამ დაწესებულებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.