მიხეილ სარჯველაძე - არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვის თვალში ბეწვს ამჩნევენ და საკუთარში დირეს ვერ აღიქვამენ, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ინიციატივა არის დესტრუქციული გეგმის ნაწილი 
მიხეილ სარჯველაძე - არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვის თვალში ბეწვს ამჩნევენ და საკუთარში დირეს ვერ აღიქვამენ, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ინიციატივა არის დესტრუქციული გეგმის ნაწილი 

ადამიანები არსებობენ, ვინც სხვის თვალში ბეწვს ამჩნევენ და საკუთარში დირეს ვერ აღიქვამენ. ამიტომ, თუ ასეთი ინიციატივა გულწრფელად აქვთ, ზოგ-ზოგიერთმა ასეთი პორტალის კეთება თავიანთი ფოტოსურათის გამოქვეყნებით დაიწყონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე, რომ „დროა“-სთან ერთად ქმნის პლატფორმას, სადაც რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების ვინაობა ციფრულ ფორმატში შეინახება“.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, აბსოლუტურად თვალსაჩინოა დამთხვევა და ეს ინიციატივა არაგულწრფელია.

„ეს არის კონკრეტული დესტრუქციული გეგმის ნაწილი, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისაუბრა. მათ სურვილი აქვთ, რომ ქვეყანაში დაძაბულობა შექმნან, მათ შორის ადამიანებს შორის კონფრონტაცია ყოფითი ურთიერთობის დონემდე დაიყვანონ, რომ რაც შეიძლება მეტი კონფლიქტი არსებობდეს და ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა. საგანგებოდ მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ასეთი ინიციატივების კეთებისას ფრთხილად იყვნენ, რადგან მათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მოუწევთ ბევრი გაჩენილი პრობლემის გამო, რომელიც შეიძლება ამ თვალსაზრისით შეიქმნას. გნებავთ, ამას თხოვნა დავარქვათ ან მოთხოვნა – ყველა ფრთხილად იყოს, როცა ასეთ უპასუხისმგებლო ინიციატივებს რეკლამირებას უწევენ“, – განაცხადა სარჯველაძემ.