მიხეილ სარჯველაძე - არჩევნების გაყალბების თემა ამოიწურა და ბუნებრივია, ოპოზიციაში ვერ შეინარჩუნებდნენ კონსოლიდირებულ დამოკიდებულებას ხელახალ არჩევნებზე
მიხეილ სარჯველაძე - არჩევნების გაყალბების თემა ამოიწურა და ბუნებრივია, ოპოზიციაში ვერ შეინარჩუნებდნენ კონსოლიდირებულ დამოკიდებულებას ხელახალ არჩევნებზე

არჩევნების გაყალბების თემა ამოიწურა და ბუნებრივია, ოპოზიციაში ვერ შეინარჩუნებდნენ კონსოლიდირებულ დამოკიდებულებას ხელახალ არჩევნებზე, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოლოდინია, რომ ოპოზიციაშიც აუცილებლად გაჩნდება განსხვავებული აზრი.

„მიუღებელია ფორმა, რომელიც ოპოზიციაში არსებულმა დაპირისპირებამ მიიღო. თუ რაიმე დაირღვა, არ მგონია, რომ უნდა გამართლდეს და ამის წამხალისებელი იყოს ხელისუფლება. პირიქით, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვართ. რაც შეეხება ვინმეს წახალისებას, რომ დისკუსია გაიმართოს, არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლება წარმოადგენდეს მთავარ მაპროვოცირებელ ფაქტორს. მოლოდინია, რომ „ოპოზიციურ ერთობაშიც“ აუცილებლად გაჩნდება განსხვავებული აზრი. არჩევნების გაყალბების თემა ამოიწურა და ბუნებრივია, ხელახალ არჩევნებზე კონსოლიდირებულ დამოკიდებულებას ვერ შეინარჩუნებდნენ. ხვდებიან, რომ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაშიც არ არის ამ იდეის მხარდაჭერა, რადგან წარმოუდგენელია, ხელახალი არჩევნების ჩატარება მაშინ, როცა არჩევნების გაყალბება არ დასტურდება. ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა, რომ თუ ერთი პროცენტის გაყალბება მაინც დადასტურდებოდა, ასეთ შემთხვევაში ახალი არჩევნები ჩატარდებოდა. ამ წინადადებაზე ოპოზიციის მხრიდან სრულიად არაადეკვატური დამოკიდებულება იყო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.