მიხეილ სარჯველაძე - არავითარი პრორუსული პარლამენტი არ არსებობს, „ქართული ოცნება“ არის პროდასავლური პარტია, ეს არის ჩვენი მკაფიოდ გაცხადებული პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - არავითარი პრორუსული პარლამენტი არ არსებობს, „ქართული ოცნება“ არის პროდასავლური პარტია, ეს არის ჩვენი მკაფიოდ გაცხადებული პოლიტიკა

არავითარი პრორუსული პარლამენტი არ არსებობს, ეს გამორიცხულია, რადგან „ქართული ოცნება“, რომელიც გახლავთ პარლამენტში უმრავლესობა, არის პროდასავლური პარტია, ეს არის ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ გაცხადებული პოლიტიკა ჩვენი პარტიის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ თუ „პატრიეტული ალიანსის“ წარმომადგენლები შევლენ პარლამენტში, ეს იქნება პრორუსული პარლამენტი და მისი ლეგიტიმაცია მაინც ვერ მოხდება, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ არავითარი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს, მას შემდეგ, რაც ის ასრულებს თავის უფლებამოსილებას, არ ესაჭიროება.

„მნიშვნელოვანია ის, რომ არავითარი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს, მას შემდეგ, რაც ის ქმედითია, მოქმედია და ასრულებს თავის უფლებამოსილებას, არ ესაჭიროება. მე ვფიქრობ, რომ სპეკულაციაა ყველას მხრიდან ამაზე საუბრები. რაც შეეხება კონკრეტულ პროცედურებს, ამაზე დღეს იქნება წარმოდგენილი საკითხი და მიიღება კანონით შესაბამისი მიღებული გადაწყვეტილება“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, კითხვაზე, რატომ განიხილავს პარლამენტი პირველად „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, მაშინ როდესაც მათზე ადრე პარლამენტს სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა მიმართეს, სარჯველაძე აცხადებს, რომ რიგითობას მნიშვნელობა არ აქვს.

„არ მგონია, რომ რიგითობა არის მნიშვნელოვანი საკითხი. მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომლებიც მიიღება ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სწორი, გამართული სამართლებრივად და არ მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე რისკები არსებობდეს და ვეძებოთ რაიმე ისეთი, რაც მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის საბაბს იძლეოდეს“,- განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს პარლამენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობას იწყებს. ამ მიზნით, დღეს ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მიმართვაზე იმსჯელებენ.

კერძოდ, დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ კომიტეტი განიხილავს ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. საკითხზე მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილია.

პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით ასევე მიმართეს: „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“, „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულმა ოპოზიციამ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და ზურაბ ჯაფარიძემ. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტისთვის არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებსა“ და „გირჩის“ სამ წევრს.