მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებთან დაკავშირებით პარლამენტში განხილვისას რაიმე წინააღმდეგობა დაფიქსირდეს
მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებთან დაკავშირებით პარლამენტში განხილვისას რაიმე წინააღმდეგობა დაფიქსირდეს

შარლ მიშელის დოკუმენტში აღწერილია ის რეფორმები და ღონისძიებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენას წინ უნდა უძღოდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში განხილვისას მოსამართლეობის კანდიდატთა წევრების მიმართ წინააღმდეგობა არ უნდა დაფიქსირდეს.

„ოპონენტები თუ გულისხმობენ, რომ ვიდრე ყველაფერი არ დასრულდება, მანამდე პროცესები განუსაზღვრელად იყოს შეჩერებული, ეს ლოგიკურად ახსნილი და დასაბუთებული ვერ იქნება. არ მგონია, ამ კანდიდატურების მიმართ პარლამენტის ეტაპზე განხილვისას რაიმე წინააღმდეგობა ან შეუთავსებლობა დაფიქსირდეს. თუ დოკუმენტის მიღმა ვინმეს რაიმე სხვა მოლოდინი ჰქონდა, ეს არ ვიცი, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ დოკუმენტთან წინააღმდეგობა არ არის. ზოგადი შეფასებებით წინ ვერ წავალთ, კონკრეტულად უნდა ვისაუბროთ, ზოგადი მითითებებს, თითქოს, ვინმე ვინმეს ხელს აფარებს და ა.შ. საფუძველი არ გააჩნია,ზოგადი შეფასებებია და ოპონენტები ცდილობენ, არგუმენტების დეფიციტი გადაფარონ“, – განაცხადა მიხელ სარჯველაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უზენაეს სასამართლოში დასანიშნ ცხრაკაციან სიას უყარეს კენჭი, რომლებზეც საბოლოო გადაწყვეტილება ახლა საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს.

კანონმდებლობის მიხედვით, სია წარედგინება პარლამენტს და სწორედ პარლამენტში გაიმართება ამ კანდიდატებთან გასაუბრებები.