მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, რომ სწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში იმპიჩმენტის პროცედურამ უარყოფითი გავლენა იქონიოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე
მოლოდინი გვქონდა, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას დაესწრებოდა, თუმცა ვუშვებდი იმასაც, რომ პრეზიდენტი სხდომაზე არ მივიდოდა, რადგან მას გაჭრილად მოუწევდა კითხვაზე პასუხის გაცემა – დაარღვია თუ არა კონსტიტუცია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევის ობიექტური არგუმენტი არ გააჩნია.
„ამ შემთხვევაში წყლის ამღვრევას და გარკვეულ გარემოებებზე მიდებ-მოდებას აზრი ეკარგება, როცა პირდაპირ კითხვა ისმის. კონსტიტუცია პირდაპირ ამბობს, რომ პრეზიდენტმა საგარეო საკითხებზე წარმომადგენლობა მთავრობასთან უნდა შეათანხმოს. კონკრეტული პასუხი უნდა გასცეს – უნდა შეათანხმოს თუ არა? თუ უნდა შეათანხმოს, და ეს უდავოა, მაშინ რატომ არ შეათანხმა? რად უღირდა კონსტიტუციის დარღვევა? ის, რომ საკითხი სამართლებრივია, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ეს იქცეს პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხად და ეს ნორმალურია, მაგრამ არ შეიძლება, პოლიტიკამ სამართლებრივი კრიტერიუმები ჩაანაცვლოს. საკითხი სამართლებრივად სწორად უნდა შეფასდეს. ამას დავა არც სჭირდება, პრეზიდენტის მხრიდან იმდენად ნათელია კონსტიტუციის დარღვევა. რაც შეეხება იმას, რომ ამ საკითხმა გავლენა იქონიოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე, არ მგონია, რომ სწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში რაიმენაირად უარყოფითი გავლენა იქონიოს იმპიჩმენტის პროცედურამ საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე. საქართველოს კონსტიტუციის უპატივცემულობა არ არის ის გზა, რომელიც ევროპამდე მიგვიყვანს. ევროპა სწორედ ის ადგილია, სადაც სამართლის უზენაესობას პატივს სცემენ. რაც არ უნდა კეთილშობილური იყოს მოტივაცია, არ შეიძლება კონსტიტუციის დარღვევა გაამართლო. ეს არის ქვეყანა, რომელიც სამართალს და კონსტიტუციას პატივს სცემს“, – განაცხადა სარჯველაძემ.