მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, გულწრფელად პატრიოტ პოლიტიკურ ძალებს გაუჭირდეთ პოლარიზების მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე ხელის აღება და კონსტრუქციული გზით სვლა ევროპისკენ
მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, გულწრფელად პატრიოტ პოლიტიკურ ძალებს გაუჭირდეთ პოლარიზების მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე ხელის აღება და კონსტრუქციული გზით სვლა ევროპისკენ

ვფიქრობ, საქართველოს ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს იმ მოცემულობის პირობებში, რომელიც ევროკომისიის მიერ განისაზღვრა, როგორც აუცილებელი წინაპირობები შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად. ამ მიმართულებით საქართველოს აქვს ძალიან დიდი მოლოდინი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ გუშინდელი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი დღე.

„მართლაც მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. შეიძლება ითქვას, რომ ძალზეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმ თვალსაზრისით, რომ დეიურედ დაფიქსირდა საქართველოს უფლება ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტებში, საქართველოს მისწრაფების ლეგიტიმურობა ევროინტეგრაციის მიმართულებით და ამაზე ითქვა კიდეც უშუალოდ იმ პირთა მხრიდან ვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ახლა კომენტარს ვაკეთებთ, რომ ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი წინ. საქართველომ მართლაც უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა წინ ევროინტეგრაციის გზაზე, ვფიქრობთ, რომ ეს ახალ შანსებს და ჰორიზონტებს აჩენს ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს საქართველოს იმ მოცემულობების პირობებში, რომელიც განისაზღვრა როგორც აუცილებელი წინაპირობები შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით საქართველოს აქვს ძალიან დიდი მოლოდინი. „ასოცირების ტრიოს“ გაწყვეტაზე იყო საუბარი და კომენტარები კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით და მინდა გავაწბილო ამ მიმართულებით სკეპტიკოსები, ვინაიდან ამოცანები, რომლებიც განისაზღვრა სტატუსის მიუხედავად სხვადასხვა ქვეყნისთვის, არის თვისობრივად ერთი და იგივე და ამ შემთხვევაში ერთდროულად გადაწყვეტილების მიღწევა ნამდვილად არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას „ტრიოს“ შენარჩუნებისთვის და შესაბამისად, ამ მიმართულებით წარმატების განსახორციელებლად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ევროკომისიის შეფასებაში მოყვანილ რეკომენდაციებს შორის არ არის ისეთი პირობები, რომელთა შესრულება განსაკუთრებულ სირთულესთან იქნება დაკავშირებული.

რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულების საკითხს, სარჯველაძის თქმით, ხელისუფლებას, ოპოზიციას, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, თითოეულს თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს.

„თუკი ჩვენ გავეცნობით ამ დოკუმენტის შინაარსს, სადაც არის განსაზღვრული პირობები, ვფიქრობ, რომ იქ ნამდვილად არ არის ისეთი რაიმე კონკრეტული პირობა განსაზღვრული, რომლის შესრულებაც იქნება განსაკუთრებულად რთული. არის გარკვეული პუნქტები, რომელთა მიმართებაშიც მე ხელისუფლების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლება საკუთარ თავზე აიღებს და ამას განახორციელებს, თუმცა არის გარკვეული ნაწილები, რომლებთან დაკავშირებითაც გვჭირდება საერთო კონსენსუსი. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ საერთო პასუხისმგებლობა გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში უნაწილდება ოპოზიციას და არა მხოლოდ მათ, სამოქალაქო საზოგადოებასაც, მედიასაშუალებებსაც, რომლებიც სამწუხაროდ, დღეს გვევლინებიან დესტრუქციულობისა და პოლარიზების გაღრმავების მთავარ შემოქმედებად. რა საკვირველია, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციაში იგულისხმება თუ არა ივანიშვილი, მე ასე არ გამიგია, ოლიგარქიას აქვს თავისი განმარტება, ოლიგარქი ეს არის არა უბრალოდ შეძლებული ადამიანების არსებობა, რომლებიც პარტიულ მოღვაწეობას ეწევიან, არამედ სახელმწიფოსა და ხელისუფლებისა ძალაუფლების გამოყენება საკუთარი მერკანტილური ინტერესებისთვის. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, არანაირი საფუძველი საუბრის, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი რამენაირად იყენებდეს ძალაუფლებას საკუთარი ინტერესებისთვის, მოცემულ შემთხვევაში უბრალოდ არ არსებობს. პრიმიტიულად ნურავინ ნუ მიუდგება ამ საკითხს და ნურავინ ნუ იტყვის, რომ რახან ივანიშვილს აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობები, ეს ავტომატურად ოლიგარქიას ნიშნავს. რასაკვირველია, ეს არის აბსოლუტურად მცდარი, შესაბამისად, ასე გადაწყვეტილებები არ ფუძნდება ევროპულ სტრუქტურებში. ამ შემთხვევაში შეიძლება მოვიაზროთ ის, ვისზეც გუშინ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. საქართველოში დღეს არსებობენ „პოლიტიკოსები“, რომლებიც იღწვიან იმისკენ, რომ ხელისუფლება ხელში აიღონ და ამისთვის საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს იყენებენ. დასახელდა გვარები, მათ შორის კეზერაშვილი, რომელიც დღეს აქტიურად მოღვაწეობს პოლიტიკაში და შესაბამისად მას აქვს გავლენები ამ მიმართულებით, ეს ძალიან ცუდია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, პოლარიზაციის თემას, რომელზეც ასევე არის საუბარი ევროკომისიის დოკუმენტში, არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც ცალმხრივი ვალდებულება.

ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ქვეყნის გულწრფელად პატრიოტ პოლიტიკურ ძალებს არ უნდა გაუჭირდეთ პოლარიზების მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე ხელის აღება და კონსტრუქციული გზით სვლა ევროპისკენ.

„არ შეიძლება მუდმივად ერთ მხარეს ვიმოძრაოთ და ერთ მხარეს ვისაუბროთ ვალდებულებებზე და მეორე მხარეს არ ვისაუბროთ. ამიტომ პოლარიზაციის განმუხტვაც ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტო ერთი მხარე ამას ვერ მიაღწევს. ერთი პოლუსით ამის განხორციელება შეუძლებელი იქნება. ამიტომ, მათ შორის საზოგადოების დაკვეთა უნდა იყოს, რომ პოლარიზაციის მაღალი ხარისხის შემნარჩუნებელი პოლიტიკური ძალა იყოს განწირული. ეს იქნება რეალურად იდენტიფიცირებული ისეთ ძალად, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაცია. არ მგონია, რომ გაუჭირდეთ გულწრფელად ამ ქვეყნის პატრიოტ პოლიტიკურ ძალებს პოლარიზების მაღალ ხარისხის შენარჩუნებაზე ხელის აღება და კონსტრუქციული გზით სვლა ევროპისკენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დატოვე კომენტარი