მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, ჩვენ მიერ წერილის გაგზავნა ევროკავშირის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდეს, ეს უბრალოდ უსაფუძვლოდ დაბრალებაა
მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, ჩვენ მიერ წერილის გაგზავნა ევროკავშირის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდეს, ეს უბრალოდ უსაფუძვლოდ დაბრალებაა

არ მგონია, ჩვენ მიერ წერილის გაგზავნა ევროკავშირის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდეს, ეს უბრალოდ უსაფუძვლოდ დაბრალებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირისთვის გასაგზავნ წერილთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, არც ერთი ისეთი ვალდებულება, რომელიც წინაპირობას წარმოადგენდა საბიუჯეტო დახმარებისთვის, შეუსრულებელი არ დარჩენილა და თუ რაიმე განსხვავებული შეხედულება არსებობს, ამ საკითხში მეტი სიცხადის შეტანა წარმოადგენს წერილის გაგზავნის მიზანს.

„არ მგონია, რომ ჩვენ მიერ წერილის გაგზავნა ევროკავშირის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდეს, ეს უბრალოდ უსაფუძვლოდ დაბრალებაა. საბიუჯეტო დახმარებაზე პერიპეტიები ვინც იცის, მარტივად ამოიკითხავს ტექსტში იმ ვალდებულებებსა და დახმარებებს საბიუჯეტო დახმარებაზე. უკვე ვისაუბრეთ, რომ ეს იყო სესხი, ეკონომიკური ვითარება შეცვლილია. საბიუჯეტო დახმარება მიბმულია კონკრეტული ვალდებულებების შესრულება-არშესრულებაზე, რომელსაც კონკრეტული ინდიკატორები აქვს. ყველა ვალდებულება შესრულებულია. შესაბამისად, როცა დისკუსია გაჩნდა, რომ ხელისუფლებას რომელიმე შესრულებული არ ჰქონია, ჩვენ გვინდა, რეალურად ვაჩვენოთ, რომ არც ერთი ისეთი ვალდებულება, რომელიც წინაპირობას წარმოადგენდა საბიუჯეტო დახმარებისთვის, შეუსრულებელი არ დარჩენილა და თუ რაიმე განსხვავებული მოსაზრება და შეხედულება არსებობს და შესაძლოა, ასეთი არსებობდეს, ვფიქრობთ, ამ საკითხში მეტი სიცხადის შეტანა წარმოადგენს წერილის გაგზავნის მიზანს. ამ განმარტების შემდეგ შეფასების გაკეთება, თითქოს, ევროკავშირის საწინააღმდეგოდ სვლას ან დაპირისპირებას ნიშნავს, ეს არის სპეკულაცია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.