მიხეილ სარჯველაძე -  „ამნისტიის შესახებ“ კანონი გამოქვეყნდა და დღეიდან ძალაში შევიდა
მიხეილ სარჯველაძე - „ამნისტიის შესახებ“ კანონი გამოქვეყნდა და დღეიდან ძალაში შევიდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონი გამოქვეყნდა და დღეიდან ძალაში შევიდა.

სარჯველაძე ყველა დაწესებულებას და უწყებას, რომელსაც ამ კანონის აღსრულება ეხება, მოუწოდებს, უშუალოდ აღსრულების პროცესთან დაკავშირებით მაქსიმალურად სწრაფად და ინტენსიურად იმუშაონ.

„პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „ამნისტიის შესახებ“ გამოქვეყნდა, რითაც კანონის მიღების პროცედურა დასრულდა. შესაბამისად, კანონი დღეიდან ძალაშია და ჩაირთო ის ერთთვიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც აუცილებელია, ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათების პრაქტიკული გავრცელება იმ ადრესატებზე, ვისაც ამნისტია ეხება. შესაბამისად, მოვუწოდებ ყველა დაწესებულებას და უწყებას, რომელსაც ეხება ამ კანონის აღსრულება, რომ მაქსიმალურად სწრაფად და ინტენსიურად იმუშაონ უშუალოდ აღსრულების პროცესთან დაკავშირებით.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ეს ამნისტია შეეხება. მათაც მოვუწოდებ, შეძლონ საკუთარ ცხოვრებაში ამ მინიჭებული შანსის რეალურად გამოყენება და საკუთარი ცხოვრების კარგად დაგეგმვა, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც მათთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე:„ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულის თანხმობის მიღება ერთი თვის ვადაში მოხდება თუ არა“, სარჯველაძემ განაცხადა, რომ იმ დათქმების შემთხვევაში, რომელიც გულისხმობს ზიანის ანაზღაურებას ან დაზარალებულის თანხმობის წარმოდგენას, განსაზღვრულია შედარებით ხანგრძლივი პერიოდი და ეს უშუალოდ მსჯავრდებულ პირებზე იქნება დამოკიდებული.

„დანაშაულების იმ მაწილზე, რომელსაც ნაკლებად აქვს წინაპირობები და პირდაპირ ითვალისწინებს პირთა გათავისუფლებას სასჯელისგან, ასეთ შემთხვევაში ეს მხოლოდ უწყებების აღსასრულებელი საქმეა. იმ დათქმების შემთხვევაში, რომელიც გულისხმობს ზიანის ანაზღაურებას ან დაზარალებულის თანხმობის წარმოდგენას, ამისთვის განსაზღვრულია შედარებით ხანგრძლივი პერიოდი და ეს უკვე უშუალოდ მსჯავრდებულ პირებზე იქნება დამოკიდებული, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, ამ გაზრდილი ვადის, 6-თვიანი ვადის განმავლობაში წარუდგინონ შესაბამის უწყებებს ასეთი ინფორმაცია და მოიპოვონ ის შეღავათი, რომელიც მათ კანონის საფუძველზე აქვთ მინიჭებული“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის განცხადებით, საკმაოდ ფართოა წრე ადამიანებისა, რომლებსაც „ამნისტიის შესახებ“ კანონი ადგენს. ამნისტია შეეხება 1 500-ზე მეტ მოქალაქეს, რომელიც საპატიმროში იმყოფება. ასევე, დაახლოებით ექვსი ათასზე მეტ პრობაციონერს და ოთხი ათას ისეთ პირს, რომელსაც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაკისრებული ჰქონდა სისხლის სამართლის განაჩენით ჯარიმები.