მიხეილ სარჯველაძე - ახლანდელი შემოთავაზებაა, თითოეული მოსამართლის ან სასამართლო კორპუსის თავზე დამოკლეს მახვილი ჩამოვკიდოთ, იყოს მუდმივი შიში, ეს იდეა არ მომწონს
მიხეილ სარჯველაძე - ახლანდელი შემოთავაზებაა, თითოეული მოსამართლის ან სასამართლო კორპუსის თავზე დამოკლეს მახვილი ჩამოვკიდოთ, იყოს მუდმივი შიში, ეს იდეა არ მომწონს

როგორც კი გაჩნდება სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილების რევიზიის შესაძლებლობა საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში, იქ წერტილი დაესმება დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ისტორიას, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„ჩვენთან ხომ არის დაახლოებით სამასი მოსამართლე? ეს სამასი მოსამართლე უმრავლესობის პრინციპით ირჩევს საკუთარ წარმომადგენლებს, ვისაც მიიჩნევს ყველაზე მეტად ავტორიტეტულად. საბედნიეროდ, დღეს საქართველოში არის სისტემა, როდესაც თვითონ მოსამართლეები წყვეტენ, რომ მათი, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელი იყოს იუსტიციის საბჭოში. ამას მე არ მეკითხებიან, არ ეკითხებიან არც იუსტიციის მინისტრს, არც პრემიერ-მინისტრს, არც უმრავლესობას და არც პარლამენტს. ისინი თვითონ ირჩევენ და თუ რომელიმე კონკრეტულ პირს აქვს ასეთი ავტორიტეტი, რომ აირჩეოდნენ იუსტიციის საბჭოში, დაე, ეს გადაწყვიტოს სასამართლომ. რაწამს გაჩნდება ამ გადაწყვეტილების რევიზიის შესაძლებლობა საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში, იქ წერტილი დაესმება დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ისტორიას“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ის, როგორც პოლიტიკაში მყოფი ადამიანი, თავს უფლებას არ აძლევს, ისაუბროს, რომელი მოსამართლე მოსწონს და რომელი – არა.

„ალბათ ბევრს არ აქვს იმდენი ინფორმაცია საზოგადოდ სასამართლო ხელისუფლებაზე და კონკრეტულად, ინდივიდუალურად მოსამართლეების შესახებ, რაც მე ჩემი ადვოკატობის დროიდან მაქვს დაგროვებული, მაგრამ შეგნებულად და პასუხისმგებლობით ვუდგები საკითხს, როდესაც მე, პოლიტიკაში მყოფი ადამიანი, თავს უფლებას არ ვაძლევ, ვისაუბრო, ვინ, რომელი მოსამართლე მომწონს და რომელი მოსამართლე არ მომწონს. მერე ნახეთ, რა ამბავი იქნება, როდესაც პოლიტიკოსები დაიწყებენ ამ საკითხების შეფასებას. ეს უნდა შეაფასოს სასამართლომ, ამას აფასებს სასამართლო და თვითონ გადაწყვეტენ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძემ ოპონენტების მხრიდან ტერმინ „კლანის“ გამოყენებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პიარული ხერხია სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის.

„თუ ტერმინ „კლანის“ ისტორიას, ეტიმოლოგიას გაიხსენებთ, აღმოაჩენთ, რომ ეს პიარული ხერხია. სხვათა შორის, ბევრმა, ვისაც სამართლებრივ საკითხებში კვალიფიკაციაზე პრეტენზია აქვს, ამაზე უხერხულობა რომ იგრძნო, ამიტომ ჩაანაცვლეს ტერმინი „კლანი“ სხვა კატეგორიის ტერმინით, როგორიც იყო „კორპორატივიზმი“. საქართველოს კონსტიტუცია ხაზგასმით ამბობს, რომ დიახ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თვითონ სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს კომპეტენტური დაწესებულება, რომელიც იქნება მოსამართლეთა დანიშვნაზე და გათავისუფლებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა. რატომ ამბობენ ამას? იმიტომ, რომ რაწამს აქ პოლიტიკური ჩარევა იქნება შესაძლებელი, იქ მთავრდება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაზე საუბარი და ამიტომ არის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი. არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ სამართლებრივი სახელმწიფოს პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუციით ასეა, რომ სადაც იუსტიციის საბჭოს მაგვარი სტრუქტურა არსებობს, იქ მოსამართლეთა უმრავლესობა უნდა მართავდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იქნებოდა თუ არა უმჯობესი, მმართველი გუნდი დათანხმებოდა საგამოძიებო კომისიის შექმნას და სწორედ კომისიის გზით დაემტკიცებინა პოლიტიკური ოპონენტებისთვის თუ საერთაშორისო პარტნიორებისთვის სასამართლოში კორუფციის ფაქტების არარსებობა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სწორი არ იქნება საკანონმდებლო ორგანოში პრეცედენტის შექმნა, როდესაც რომელიღაც მოსამართლე დეპუტატთა გარკვეულ ჯგუფს არ მოეწონება და ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება.

„ახლანდელი შემოთავაზება არის, რომ თითოეული მოსამართლის ან სასამართლო კორპუსის თავზე დამოკლეს მახვილი ჩამოვკიდოთ, იყოს მუდმივი შიში და ეს საფრთხის ქვეშ ამყოფებდეს კონკრეტულ მოსამართლეებს. მე ეს იდეა არ მომწონს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.