მიხეილ სარჯველაძე - ადრე თუ გვიან მერაბიშვილის ზრახვები ცნობილი გახდებოდა, რადგან მათთვის დღის წესრიგში სრულიად სხვა პრიორიტეტებია
მიხეილ სარჯველაძე - ადრე თუ გვიან მერაბიშვილის ზრახვები ცნობილი გახდებოდა, რადგან მათთვის დღის წესრიგში სრულიად სხვა პრიორიტეტებია

საქართველო ვერცერთ შემთხვევაში ვერ მისცემს თავს უფლებას, ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნას და ამით დაეხმაროს უკრაინას. ეს არცერთ შემთხვევაში არ იქნება რელევანტური და სწორი გადაწყვეტილება, საქართველოს ინტერესებთან თანხვედრაში არსებული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველასთვის მკაფიოდ გასაგები უნდა იყოს, რომ ასეთი მცდელობები და სურვილები აზრს მოკლებულია.

„რაც შეეხება ყველა დანარჩენ საკითხს, დაწყებული ჰუმანიტარული დახმარებიდან, დასრულებული პოლიტიკური მხარდაჭერით, საქართველოს არსად გადაუხვევია ძირითადი ხაზიდან და, შესაბამისად, ყოველთვის და ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, საქართველო უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინის მხარდაჭერა საქართველოს მოვალეობაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხარდაჭერა გაამართლებდა მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში. ყველას გვმართებს, რომ ამისგან საქართველო დავიცვათ“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, „რასაკვირველია, ადრე თუ გვიან მერაბიშვილის ეს ზრახვები ცნობილი გახდებოდა, რადგან მათთვის დღის წესრიგში სრულიად სხვა პრიორიტეტებია“.

„ისინი ამ გზას ირჩევენ, როგორც შესაძლო გზას, რომ, ხელისუფლების ხელში აღების მიზნით, წინ გარკვეული ნაბიჯები გადადგან, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება იყოს კატასტროფის ტოლფასი საქართველოსთვის. ასეთ დროს არ შეიძლება თქმა, რომ ეს, შესაძლოა, ხელისუფლების ინტერესში იყოს, რადგან არცერთ შემთხვევაში არ არის საკუთრივ ეს ქმედებები რაიმე ფორმით გამართლებული. ოპოზიციის მხრიდან თუ მერაბიშვილის მიმართ საყვედური განპირობებულია იმით, რატომ გაიხსნა ეს კადრები და გაიშიფრა სქემა, ამაზე ერთმანეთში იკამათონ, მაგრამ სქემა რომ არსებობს თავისი აღიარებითი ჩვენებებით გამტკიცებული, ეს ყველასთვის გასაგებია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.