მიხეილ სარჯველაძე - ადამიანებს კარგად ახსოვთ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს რა მძიმე შედეგებთან ჰქონდათ საქმე, ამის შემდეგ როგორ შეიძლება, ვინმეს რამეზე ამბიცია ჰქონდეს, არ ვიცი
მიხეილ სარჯველაძე - ადამიანებს კარგად ახსოვთ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს რა მძიმე შედეგებთან ჰქონდათ საქმე, ამის შემდეგ როგორ შეიძლება, ვინმეს რამეზე ამბიცია ჰქონდეს, არ ვიცი

თავების თვლაზე ყურადღების გამახვილება კიდევ ერთი მცდელობაა, რომ მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღება სხვა თემებზე გადაიტანონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი აქციის შეფასებისას განაცხადა.

„თუმცა თავების დათვლაზეც თუ მიდგება საქმე, არ მგონია, მაინც და მაინც, რომ რაიმე ისეთი საამაყო გაეკეთებინოთ და გადასარევი, პირდაპირ ვამბობ. მაგრამ რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რამდენიც არ უნდა ყოფილიყო იქ მოგროვილი ადამიანი, ერთი იქნება თუ 100 ათასი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ საკითხების გადაწყვეტისთვის, რაც იყო პროტესტის მიზეზი ამ შემთხვევაში დასახელებული. აი, ეს არის ყველაზე მთავარი რამ, რაზეც პასუხი უნდა გასცენ. ყოველთვის გაურბიან ასეთ საკითხებზე აქცენტების გადატანით მთავარ საკითხებს. მაგალითად გელაშვილის საქმეზე. უდანაშაულოა აბსოლუტურად და შეხება არ ჰქონია და საერთოდ არაფერი იცოდა, და თუ არ იცოდა სააკაშვილმა, აი ამას უნდა გასცენ პასუხი. ეს არის მთავარი ამ წუთას და არა ის, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა აქციაზე“,- განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ადამიანებს კარგად ახსოვთ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს რა მძიმე შედეგებთან ჰქონდათ საქმე.

უცნაურ სახელებს არქმევენ იმას, რაც არის დანაშაული. დანაშაული რაც აქვთ ჩადენილი, ამაზე პასუხისმგებლობა ბუნებრივია, მართებს მათ შორის პოლიტიკური, რა თქმა უნდა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი არ შეიძლება შემოიფარგლოს რაღაც 2013 წელს გაკეთებული რამდენიმე განცხადებით, რომ კი, ნამდვილად გვეშლებოდაო და რომ ეშლებოდათ, ისეთი მძიმე რაღაცები ეშლებოდათ, რისი გახსენების სურვილიც არ აქვთ. ადამიანებს კარგად ახსოვთ, რა მძიმე შედეგებთან ჰქონდათ საქმე ძალადობის თვალსაზრისით. მარტო ციხეებზე არ არის საუბარი. გაიხსენეთ გელაშვილის შემთხვევა და კიდევ ბევრი სხვა. არ ვიცი ამის შემდეგ როგორ შეიძლება, ვინმეს რამეზე ამბიცია ჰქონდეს“,- განაცხადა სარჯველაძემ.