მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დაშლისა და ფრაქციების ჩამოყალიბების წინაპირობები ამ დროისთვის არ არსებობს
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დაშლისა და ფრაქციების ჩამოყალიბების წინაპირობები ამ დროისთვის არ არსებობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ვარაუდი იმის თაობაზე, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობა დაიშლება და ფრაქციები ჩამოყალიბდება, ნაადრევი განცხადებაა და ამ დროისთვის ამის წინაპირობები არ არსებობს.

კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ერთ წელიწადში დაინიშნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები და დაიშლება თუ არა უმრავლესობა, სარჯველაძე პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა სერიოზული გამოწვევაა „ქართული ოცნებისთვის“.

„ბუნებრივია, ეს გვავალდებულებს, რომ გაცილებით უფრო მეტი აქტივობა გამოვიჩინოთ. ახლა საუბარია ისეთ კონსოლიდაციაზე, რომ მომავალში შევძლოთ, იმ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი გუნდის წარმატებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა, რაც დასაფასებელია. ვფიქრობ, რომ მომავალში ძალას აღმოვაჩენთ, რომ წარმატება გვქონდეს და ის მხარდაჭერა შევინარჩუნოთ, რომელიც გააზრებულად გააკეთა ქართველმა ხალხმა. მათი ნდობის ვოტუმი იმას მოიცავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იმ მხარდაჭერით ისარგებლოს, რაც აქვს”, – განაცხადა სარჯველაძემ.