მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საარჩევნო ბარიერის განსაზღვრისთვის დადებითი და უარყოფითი მხარეების გაანალიზებაა საჭირო
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საარჩევნო ბარიერის განსაზღვრისთვის დადებითი და უარყოფითი მხარეების გაანალიზებაა საჭირო

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, „ქართული ოცნება“ როგორ აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებების კორექტირებას, რომელიც საარჩევნო ბარიერის ხუთიდან სამ პროცენტამდე შემცირებას ითვალისწინებს.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მოსაზრებები დაფიქსირდება და განიმარტება, არსებობს თუ არა ცვლილებების კორექტირების საჭიროება და რაში შეიძლება, ეს გამოიხატოს.

„მაღალ და დაბალ საარჩევნო ბარიერს თავისი მხარეები აქვს, შორსმიმავალი ხედვით რა იქნება უკეთესი საქართველოსთვის, ეს იქნება გასაანალიზებელი. მნიშვნელოვანია, დადებითი და უარყოფით მხარეებზე ვიმსჯელოთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს. ცვლილებებით, მცირდება საარჩევნო ბარიერი, იცვლება ფრაქციების დაკომპლექტებისა და გენერალური პროკურორის არჩევის წესი. ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვა ხვალ იგეგმება. პროექტის მიღებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.