მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების დროს წარუმატებლობა ინდივიდუალური შეთანხმების მონდომების საჭიროებას ზრდის
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს წარუმატებლობა ინდივიდუალური შეთანხმების მონდომების საჭიროებას ზრდის.
ამასთან, როგორც სარჯველაძემ პაატა მანჯგალაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რა შეიძლება შესთავაზოს მმართველმა გუნდმა „სტრატეგია აღმაშენებლს“, ეს დამოკიდებული იქნება პროცესში გამოკვეთილ საჭიროებებზე.
„გამოჩნდება. ამაზე ზუსტი პასუხის თქმა არ შეიძლება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება პროცესში საჭიროებები როგორ გამოიკვეთება. წინასწარ ამის თქმა ალბათ, რომ კონკრეტულად რამე შეთავაზება შეიძლება იყოს, ამაზე პასუხი და ასეთი გათვლების გაკეთება ამჟამად შეუძლებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კითხვაზე: ხომ არ არის შესაძლებელი, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ინდივიდუალური მოლაპარაკებები დაიწყოს, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ეს მოსალოდნელია, განსაკუთრებით მოლაპარაკებების წარუმატებლობის ფონზე.
„პირადად ჩემი აზრი გახლავთ, რომ ეს მოსალოდნელია მას შემდეგ, რაც ვიხილეთ მოლაპარაკებებში წარუმატებლობა და ამის კონკრეტული მიზეზებიც ვიცით. ამასთან დაკავშირებით ჩემი ხედვაც იცით, მიზეზი რაშია. მიუხედავად იმ შანსისა, რომ შეიძლება, ერთობლივ შეთანხმებაზე მოლაპარაკება კვლავაც გაგრძელდეს, ეს რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ინდივიდუალური შეთანხმების მონდომების საჭიროებას ზრდის. ეს ლოგიკურია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური ერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ხელისუფლება მათ მისაღებ ვარიანტს თუ შესთავაზებს, აქვთ შესაძლებლობა, გადაწყვეტილებები დამოუკიდებლადაც მიიღონ.