მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად საავადმყოფოში გადაყვანილი პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მამაკაცი კი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, მძიმედ რჩება 

22:32, 19.11.2026

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ფონიჭალაში აფეთქების შედეგად საავადმყოფოში გადაყვანილი პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მამაკაცი კი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, მძიმედ რჩება.

„საავადმყოფოში მყოფ პირების, განსაკუთრებით ბავშვების მდგომარეობა ნორმალურია. მათ სახიფათო და რთული დაზიანებები არ აქვთ. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და ბუნებრივია, ასეც გაგრძელდება. უკლებლივ ყველა საჭიროება, რომელიც წარმოიშობა, უზრუნველყოფილი იქნება. ბავშვებთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, ფსიქოლოგის თუ ნებისმიერი სხვა სახის დახმარების ჩართვას საჭიროებისამებრ.

ველოდებით სამძებრო სამუშაოებს. სამედიცინო დაწესებულებები მზადყოფნაში არიან, რომ ყველა სახის სამედიცინო დახმარება გაწეული იქნას“, – განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება მამაკაცს, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა.

„სხეულზე მძიმე დაზიანება აქვს მიღებული. არ მინდა, წინასწარ რაიმე დასკვნები გავაკეთო. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ მისი სიცოცხლე გადაარჩინონ. რა გამოვა, დრო და მკურნალობის შედეგები გვაჩვენებს.

საავადმყოფოში მოთავსებული იყო ერთი ქალბატონი, რომელიც გაეწერა. მას არ ჰქონდა რამე ისეთი სახის დაზიანება, რომელიც საავადმყოფოში დაყოვნებას მოითხოვდა. ყველა რესურსი მობილიზებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში, ყველა სახის დახმარება იყოს გაწეული“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად ნანგრევებში შვიდი ადამიანი იყო მოყოლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამასთან, ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს მცირეწლოვანი გოგონა.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მსგავსი