მიხეილ სარჯველაძე - 200-მა ბენეფიციარმა სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლის შემდეგ სამჯერ შემცირებული დოზა მოითხოვა, რა მიზეზით იწერებოდა სამჯერ მეტი დოზის ნარკოტიკი, საზოგადოებას შეუძლია დასკვნის გამოტანა
ჩანაცვლებითი მკურნალობის სისტემის რეფორმის ერთი ეტაპი დასრულდა და გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებულად დასრულდა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, კერძო სერვისის მიმწოდებლების ბენეფიციარებიდან სახელმწიფო პროგრამაში დაახლოებით 1800 პირი ჩაერთო.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბენეფიციართა მნიშვნელოვანმა ნაწილმა, 200-მა ადამიანმა, სახელმწიფო პროგრამაში გადმოსვლის შემდეგ სამჯერ შემცირებული დოზა მოითხოვა.
„ამ ადამიანებმა პირველივე დღიდან უარი განაცხადეს იმ დოზის მიღებაზე, რომელსაც ყიდულობდნენ კერძო დაწესებულებაში. მოგეხსენებათ, ფასი მცირე არ იყო. რვა ორგანიზაციის წლიური ჯამური შემოსავალი, რომელიც სერვისის მიწოდებით იყო დაკავებული, 30 მილიონ ლარზე მეტი იყო. ახლა, როდესაც სახელმწიფო პროგრამით უფასოდ იღებს ბენეფიციარი იმას, რაშიც ფულს იხდიდა კერძო მიმწოდებლებთან, სამჯერ შემცირებულ დოზას ითხოვს. რა მიზეზით იწერებოდა ასეთ მომხმარებელზე სამჯერ დიდი დოზის ნარკოტიკი, საზოგადოებას მარტივად შეუძლია დასკვნის გამოტანა და საკუთარი ვერსიის ქონა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, რამდენიმე კერძო მომწოდებლის შემთხვევაში გამოყენებული საშუალო დოზა გაცილებით მაღალია მთლიანად კერძო ჩანაცვლებითი პროგრამის ფარგლებში გამოყენებულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.
„საერთო მაჩვენებელი თუ იყო 11,5 მილიგრამი – კერძო დაწესებულებების შემთხვევაში მაქვს საუბარი, თორემ სახელმწიფოს შემთხვევაში ეს რიცხვი გაცილებით ნაკლებია და 7,8 მილიგრამს შეადგენს – 20 მიმწოდებელი პუნქტიდან ოთხის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 15 მილიგრამს აღემატებოდა, ზოგიერთ შემთხვევაში – 19-ს. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ყველაფერი და რა რისკებს ბადებდეს, ამაზეც საზოგადოება თავად შეძლებს დასკვნების გამოტანას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.