მიხეილ სამხარაძე - სამწუხაროა, როდესაც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურისა და ჩვენი მთავარი ოპოზიციური ძალის განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა
მიხეილ სამხარაძე - სამწუხაროა, როდესაც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურისა და ჩვენი მთავარი ოპოზიციური ძალის განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა

ძალიან ნიშანდობლივია, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური აკეთებს განცხადებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სწორედ იმ დროს, როდესაც საქართველოში ჩამოდის ევროკავშირის მიერ დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, რომელმაც დიალოგთან დაკავშირებით მედიაცია უნდა გამართოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძემ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, „ბოლო პერიოდში ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, რომელიც ამერიკული მოთხოვნების უსიტყვოდ შესრულებას თავს არიდებს“. ამავე განცხადების მიხედვით, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ, ოპოზიციონერების მხარდაჭერისა და „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევის სისტემური სამუშაო ააწყონ. ნარიშკინის თქმითვე, „აშშ განაწყობს ევროპელ პარტნიორებს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად“.

„რუსეთს, რა თქმა უნდა, არ აძლევს ხელს ის, რომ საქართველოში სიტუაცია დასტაბილურდეს. ასევე, ძალიან ნიშანდობლივია, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური განცხადებას აკეთებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე და იმაზე, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ფუჭდება. რასაც რუსეთის ოფიციალური პირები ამბობენ, უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ისინი ამ ყველაფერს საქართველოს საზიანოდ აკეთებენ და არა საქართველოს სასარგებლოდ. მათი მთავარია ამოცანაა, რომ დიალოგს, მედიაციას და ევროკავშირის გააქტიურებას ხელი შეუშალონ და ასევე, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დაზიანდეს. იქ ირონიული პასაჟია, რუსეთს ნამდვილად არ ადარდებს, პირიქით – გაუხარდება ჩვენ თუ ევროკავშირისკენ ვერ წავალთ. ამიტომ, ისინი ამაზე აღშფოთებულები და დამწუხრებულები ვერ იქნებიან. საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან არ აქვს. საქართველო რუსეთთან არის ერთადერთი, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში. რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ ამას არანაირი პასუხი არ უნდა გასცეს“, – განაცხადა სამხარაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროა, როდესაც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს მთავარი ოპოზიციური ძალის განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ განცხადებაში თითქმის ერთი-ერთში ხდება იმის გამეორება, რასაც ჩვენი ოპოზიცია ამბობს ხოლმე, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არის გაფუჭებული და საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე არ მიდის. თავისთავად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც რუსეთის, ჩვენი მთავარი მტრის და ოკუპანტი ქვეყნის საგარეო დაზვერვის სამსახურისა და ჩვენი მთავარი ოპოზიციური ძალის განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა. თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ასეთი რამ ადრეც ყოფილა, მაგალითად, როდესაც მათ დასჭირდათ მოლაპარაკებების დროს დესტრუქციის შემოტანა, მათმა პარტიულმა ტელევიზიებმა გავრილოვს დაურეკეს და მისგან ითხოვეს კომენტარის გაკეთება, რომელიც მათთვის სასარგებლო და ქართული ოცნებისთვის საზიანო იყო. ეს ერთგვარად ტენდენციად გამოიკვეთა, რომ რუსეთის ოფიციალური პირებისა და ჩვენი ოპოზიციის განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპოზიცია რუსეთს იყენებს თავისი არგუმენტების წყაროდ. ფაქტია, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, პოლარიზაციას, ვითარების ესკალაციას და არეულობის მოწყობას ვგულისხმობ, ამას ოპოზიცია აკეთებს. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ეს ხელს აძლევს, რუსეთია. ეს თანხვედრა აშკარაა“, – განაცხადა სამხარაძემ.