მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სანთელი აანთო და განაცხადა, რომ უერთდება პატრიარქის მოწოდებას უკრაინისთვის საყოველთაო ლოცვაზე [ვიდეო]

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესის დაწყებისას სანთელი აანთო და განაცხადა, რომ უერთდება პატრიარქის მოწოდებას უკრაინისთვის საყოველთაო ლოცვასთან დაკავშირებით.

„გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მისმა უწმინდესობამ ისაუბრა რუსეთის სამხედრო ქმედებებზე უკრაინაში. აი, ამ ტერმინებით – რუსეთის სამხედრო ქმედებები უკრაინაში. მან გაბედა იმის თქმა, რაც ვერ გაბედა საქართველოს მთავრობამ და მოგვიწოდა ყველას, დღეს 12:00-დან პირველ საათამდე  ვილოცოთ უკრაინაში მშვიდობისთვის. მინდა, გთხოვოთ ყველას, ჩუმად, თქვენთვის შეგიძლიათ, ასევე ილოცოთ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ, ახლა ყველაფერი გვჭირდება, ლოცვაც, ქმედებაც“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეს ეხება.