მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე პროკურორს ბინძური მატყუარა უწოდა
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორს ბინძური მატყუარა უწოდა.
„ბინძურო მატყუარავ, ბინძურო მატყუარავ“, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ პროკურორს.
პროცესზე ხმაური 26 მაისის თემამ გამოიწვია. ადვოკატების თქმით, პროკურორ გიორგი მუჯირის განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებულია და მათთვის გაუგებარია, რატომ ახსენა მუჯირმა ინტერვიუში 26 მაისის საქმე, სადაც ის ამ საქმეში დაზარალებულ მოქალაქეებზე საუბრობდა.
ბექა ბასილაიას განმარტებით, პროკურორების, გიორგი მუჯირის და არჩილ ტყეშელაშვილის ამოცანაა, მოცემული საქმის ირგვლივ პოლიტიკური აზრის ფორმირება და ამ შემთხვევაში ისინი არა მბრალდებლები, არამედ ხელისუფლების პროპაგანდისტები არიან.
დაცვის მხარის განცხადებებს უპასუხა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.
„დაცვის მხარის აცილების შუამდომლობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ მათ სურთ, საზოგადოებაში გააჩინონ აღქმა იმისა, რომ მხოლოდ პიჯაკებსა, თუ რაღაც სამგლოვიარო თაიგულის გამო სამართლდება მიხეილ სააკაშვილი. მათ დისკომფორტს უქმნით საქმეში არსებული ის უამრავი დანახარჯი, რომელიც წარმოდგენილია, რომელიც ცალსახად უკანონოა და რა თქმა უნდა, გარკვეულწილად უკავშირდება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. საჯარო ინტერესი ამ საქმეზე დიდია და გვიწევს განმარტებების გაკეთება. საქმის მასალებიდან მოხდა ფაქტის დემონსტრირება, რომ 26 მაისის შემდეგ რამდენიმე დღეში ვიზიტით სარგებლობს ბრალდებული სააკაშვილი, იღებს ფუფუნების საგნებს და ის, რომ გარკვეულ მოვლენებთან არის დაკავშირებული, თუ ეს მორალურად უქმნით დისკომფორტს, არ ნიშნავს, რომ მე უნდა ამეკრძალოს, დავასახელო ეს ფაქტი. ეს არ არის მდგენელი იმისა, რომ ჩემი განცხადებები მოტივირებულია პოლიტიკურად“, – განაცხადა გიორგი მუჯირმა.