მიხეილ სააკაშვილი - მე ვიყავი უკანასკნელი, ვინც ნახა გიორგი სანაია, ჟურნალისტები დავპატიჟე პიკნიკზე და უკან რომ მოვდიოდით, მივიყვანე სახლში, რამდენიმე საათში გავიგე, რომ აღარ იყო
მიხეილ სააკაშვილი - მე ვიყავი უკანასკნელი, ვინც ნახა გიორგი სანაია, ჟურნალისტები დავპატიჟე პიკნიკზე და უკან რომ მოვდიოდით, მივიყვანე სახლში, რამდენიმე საათში გავიგე, რომ აღარ იყო

გიორგი სანაიას გაპამპულავებული ვყავარ, ერთ-ერთი, ვინც ერთხელ ყველაზე მეტად მაპამპულავა და მაბურთავა ტელევიზორში, იყო ეგ. მათ შორის, შენი პიჯაკი რა ღირს და ეგეთ რაღაცებს მეკითხება. მე ავყევი ამ პროვოკაციებში. იმის შემდეგ ცოტა დავბრძენდი და სხვების პროვოკაციებს არ ავყვები პიჯაკებზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მისთვის დიდი პატივი ყო, რომ გიორგი სანაიას იცნობდა.

„მე ვიყავი უკანასკნელი, ვინც ნახა გიორგი სანაია. მაშინ იუსტიციის მინისტრი ვიყავი. ჟურნალისტები დავპატიჟე პიკნიკზე, სადღაც გავედით და უკან რომ მოვდიოდით, მივიყვანე სახლში. აქედან რამდენიმე საათში გავიგე, რომ აღარ იყო. გიორგი სანაიას გაპამპულავებული ვყავარ, ერთ-ერთი, ვინც ერთხელ ყველაზე მეტად მაპამპულავა და მაბურთავა ტელევიზორში, იყო ეგ. ეს უბრალოდ გავიხსენე, რადგან ხანდახან ატრიალებენ ხოლმე ამას, როგორ მათამაშებს, დამცინის და მათ შორის, შენი პიჯაკი რა ღირს და ეგეთ რაღაცებს მეკითხება. მე ავყევი ამ პროვოკაციებში. იმის შემდეგ ცოტა დავბრძენდი და სხვების პროვოკაციებს არ ავყვები პიჯაკებზე, მაგრამ ჩემთვის მართლა იყო დიდი პატივი, რომ მას ვიცნობდი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.