მიხეილ სააკაშვილი – შეიძლება, სააკაშვილი გააჩუმოთ ან მოკლათ კიდეც, მაგრამ ჩემს ერთხელ გამოშვებულ ჯინს უკვე ვერაფერს უზამთ
შეიძლება, სააკაშვილი გააჩუმოთ ან მოკლათ კიდეც, რაც უკვე ერთხელ თითქმის გამოგივიდათ, მაგრამ ჩემს ერთხელ გამოშვებულ ჯინს უკვე ვერაფერს უზამთ. განსხვავებით ზვიადისგან, მე დიდი დაბრკოლებებით, მაგრამ მაინც დამცალდა საქართველოს წარმატების ისტორიული პრეცედენტის შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი წერს, იმის გასაგებად, თუ რატომ ვერ იტანს მას „თვითგამოცხადებული ქართული „ელიტა“ დღემდე“, წარსულში უნდა ჩავიხედოთ.
„ეს მნიშვნელოვანია! რატომ ვერ მიტანს თვითგამოცხადებული ქართული „ელიტა“ დღემდე მე, რატომ ებრძოდნენ საპროტესტო აქციებზე ჩემს პლაკატებს, ზოგადად ჩემს სახელს და რატომ უნდათ ასე ძლიერ დღეს ჩემი ხმის ჩახშობა, ქვეყნიდან გაძევება და საერთოდ აღიზიანებთ ჩემი არსებობა?
ეს რომ გავიგოთ, წარსულში უნდა ჩავიხედოთ. საქართველოს დაპყრობის შემდეგ, მე-19 საუკუნეში რუსები ეგრევე მიხვდნენ, რომ ქართველებს მხოლოდ ბრუტალური ძალით ვერ გააკონტროლებდნენ, ამიტომაც მიაყარეს ქართულ არისტოკრატიას ბევრი ფული და ჩინ-მედლები და მათი მეშვებოდით არა მხოლოდ ქართველები, არამედ მთელი სამხრეთ და ჩრდილო კავკასია აიყვანეს კონტროლქვეშ.
პრაქტიკულად მათ გამოზარდეს კოლონიური ქართული ელიტა, უსაქმური, გატყლარჭული, მაგრამ მორჩილი და სუფრის პატრიოტიზმით შემოფარგლული. ეს ამბავი გაგრძელდა საბჭოთა კავშირშიც.
მე გავიზარდე ოთხთაობიან და ძალიან მშრომელ ოჯახში და ბავშვობიდან ვერ ვიტანდი თბილისის „სცევკი“ შემადგენლობას, ძალიან საშუალო ნიჭის ან საერთოდ უნიჭო მუქთახორა არსებებს, რომლებსაც რატომღაც მუდმივად ჰქონდათ პრივილეგიები სხვა მშრომელი ადამიანების ხარჯზე.
ეს იყო ჩაკეტილი წრე, რომელსაც უყვარდა ერთმანეთში რუსულად საუბარი და ყველა დანარჩენს ზემოდან ქვემოთ უყურებდა. რატომღაც მათ ჰქონდათ ყოველთვის ფული, ჰყავდათ კარგი მანქანები, ეცვათ სხვებზე უკეთესად, დადიოდნენ უცხოეთის „პაეზდკებში“, მათი შვილები ხვდებოდნენ პრესტიჟულ ფაკულტეტებზე და კომუნისტური ნომენკლატურაც მათ პატივისცემით ეკიდებოდა.
შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა და მოვიდა ზვიად გამსახურდია, რომელმაც მოიყვანა ბევრი არაელიტური ადამიანი ხელისუფლებაში და ღიად დაუპირისპირდა „ელიტას“. ეს უკანასკნელიც უმალ აჯანყდა (როგორც შევარდნაძემ მოგვიანებით თქვა, „ინტელიგენციამ ავტომატი აიღო ხელში“) და სისხლიანი გზით დაამხო გამსახურდიას ხელისუფლება.
საქართველო ჩაეშვა წყვდიადში, სამაგიეროდ შევარდნაძემ ისევ აგრძნობინა მათ თავი გამორჩეულად. ასე მაგალითად, დენი არ იყო, მაგრამ მათ ისიც უხაროდათ, რომ მხოლოდ მათ ედგათ გენერატორი.
შემდეგ მოხდა „ვარდების რევოლუცია“. ის მოახდინა პროვინციებიდან ჩამოსულმა, უბრალო, მშრომელმა, განათლებულმა ხალხმა, ვერა-ვაკის „სვეცკი სასტავი“ მხოლოდ რევოლუციის გამარჯვების დღეს მოვიდა მიტინგზე და მოვიდა „ვარდების ხელისუფლება“.
ჩვენ თავიდანვე გამოვაცხადეთ მერიტოკრატია – ე.ი. ადამიანის წარმატება ნიჭის, შრომის, დამსახურებების და არა წარმომავლობის და ნათესაური კლანური კავშირების მიხედვით. ჩემი მინისტრების უმეტესი ნაწილი სოფლიდან ჩამოსული ან დევნილი და კარგი განათლებამიღებული ხალხი იყო“, – წერს სააკაშვილი.
სააკაშვილის თქმით, მისი მთავარი მიღწევები სწორედ ამ უახლოეს მომავალში წარმოჩნდება პროგრესის დაბრუნებასთან ერთად, რადგან „საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ“.
„მე ყველას გავუხსენი გზა წარმატებისკენ, ნებისმიერ ქართველს შეეძლო, თუ მას მიიღებდნენ კარგ უცხოურ უნივერსიტეტში, სახელმწიფო დაფინანსების მიღება. უმაღლესში ჩაბარება მოხდა ერთიანი ეროვნული გამოცდით, რომლის ინიციატორი იყო სოფელ ნარაზენიდან ჩამოსული კახა ლომაია, რამაც ძალიან გაანაწყენა ძველი „ელიტა“, რომლის დიდი ნაწილი უნივერსიტეტში ჩამჯდარი მექრთამეებისგან შედგებოდა.
სრულიად ახალმა ხალხმა დაიწყო წარმატების მიღწევა ბიზნესში, განათლებაში, პოლიტიკაში, ხელოვნებაში. ამან ეგრევე ააჯანყა კოლექტიური რობერტ სტურუები, ხაინდრავები და ნიკუშა შენგელიები. შედგა მათი ალიანსი პატარკაციშვილთან, გაგდებულ პოლიციელებთან და მებაჟეებთან, ქრთამის გარეშე დარჩენილ ლექტორებთან. თავიდან მათი ლოზუნგი იყო – „დაგვიბრუნეთ ღირსება“, შემდეგ კი, კონკრეტულ გამონაკლის ფაქტებზე დაფუძნებით, ადამიანის უფლებების დაცვა.
სინამდვილეში, როგორც დღეს უკვე საბოლოოდ დადასტურდა, მათ საერთოდ არ ანაღვლებთ ადამიანის უფლებები. მათთვის პრობლემა იყო მათივე პრივილეგიების გაუქმება და სხვებთან გათანაბრება. ჰოდა, ამ ხალხმა მოაწყო 2007 წლის ნოემბერი, როცა მე გადავდექი და შემდეგ უბრალო ხალხის – თბილისის გარეუბნების და რეგიონების ხმებით დავბრუნდი ხელისუფლებაში.
ამ ხალხმა მოიყვანა საკუთარი კალმისტრებით ივანიშვილი, რომელი,ც ჩემგან განსხვავებით (მე თბილისის ცენტრში დავიბადე და გავიზარდე) ძალიან შორს იყო მათგან სოციალურად, მაგრამ ჩათვალეს, რომ ის უფრო აწყობდათ და ახლა ვართ სრულ ჭაობში, მაგრამ სტურუებმა და ნიკუშა შენგელიებმა ამ ჭაობში „გახოდეს“ ბიძინასთან და უკიდურესად კმაყოფილები არიან.
ერთადერთი, ისევ მე ვაღიზიანებ ჩემი აქტიურობით, ჩართვებით სასამართლოდან და სვამენ კითხვებს ლალი მაროშკინების და „სვეცკების“ პირით – კი მაგრამ, რით ვეღარ გააჩუმეთ ეს სააკაშვილი, რით ვერ ამოუქოლეთ „საინფორმაციო ღრუ“?
მე მათთვის ცუდი ამბავი მაქვს, შეიძლება, სააკაშვილი გააჩუმოთ ან მოკლათ კიდეც (რაც უკვე ერთხელ თითქმის გამოგივიდათ), მაგრამ ჩემს ერთხელ გამოშვებულ ჯინს უკვე ვერაფერს უზამთ. განსხვავებით ზვიადისგან, მე დიდი დაბრკოლებებით, მაგრამ მაინც დამცალდა საქართველოს წარმატების ისტორიული პრეცედენტის შექმნა. ამას წამოჰყვა სრულიად სხვა მენტალობის ახალი თაობა, რომლებიც თავისუფალია ძველი კლიშეებისგან და რომელთაც მოსწონთ დამოუკიდებელი, წარმატებული ქართული სახელმწიფოს და მერიტოკრატიის იდეა, მათთვის სრულიად უცხოა კორუფცია და „ქართულ-ჯიგრული პონტი“.
ჩემი ძირითადი მემკვიდრეობაც არის არა შუქი, გზები, ახალი ქალაქები, არამედ სწორედ ეს ახალგაზრდული მენტალური გარღვევა მომავლისკენ და ჩემი მთავარი მიღწევები სწორედ ამ უახლოეს მომავალში წარმოჩნდება, პროგრესის დაბრუნებასთან ერთად, ვინაიდან ზუსტად ვიცი – საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ!“ – წერს სააკაშვილი.