მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ შეკრება ბათუმში იყო მასშტაბური და ამაღელვებელი, საარჩევნო კამპანიას ვაგრძელებთ, თუმცა ეს მოხდება ყველა რეგულაციის დაცვით
„ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიციის გუშინდელი შეკრება ბათუმში იყო მასშტაბური და ამაღელვებელი, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქში.
„დიდი ძალისხმევის მიუხედავად, თითქოს ენმ გაქრა რადარებიდან, პარტიამ რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა, ბრუნდება განახლებული რესურსებით. გუშინდელი ხალხმრავალი აქცია გამოხატავდა გამარჯვებული პარტიის სულისკვეთებას.
რაც შეეხება ეპიდემიის გავრცელების საშიშროების დაკავშირებას გუშინდელ აქციასთან, ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ განაპირობა ინფიცირებულების ზრდა. მაშინ, როცა ხალხი ყველაზე მკაცრი აკრძალვებით გამოკეტეს სახლებში, ვალდებულნი იყვნენ ეზრუნათ მეორე ტალღის რისკებზე, რაც არ გააკეთეს და ახლა ურცხვად ცდილობენ დაუცველ ხალხზე ხელების შეწმენდას.
აქვე საგანგებოდ მინდა აღვნიშნო, რომ ენმ გააგრძელებს საარჩევნო კამპანიას, თუმცა ეს მოხდება ყველა რეგულაციის დაცვით.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას, გავუფრთხილდეთ ჩვენ ქვეყანას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.