მიხეილ სააკაშვილი - მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ხანდახან ერთი ელჩი წამოარტყამს თავში და ხანდახან მეორე
მიხეილ სააკაშვილი - მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ხანდახან ერთი ელჩი წამოარტყამს თავში და ხანდახან მეორე

მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ხანდახან ერთი ელჩი წამოარტყამს თავში და ხანდახან მეორე, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ეს იყო ქვეყანა, სადაც მისი პრეზიდენტობის დროს აშშ-ის სამი პრეზიდენტი და რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდნენ.

„მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც დღეს ხანდახან ერთი ელჩი წამოარტყამს თავში და ხანდახან მეორე. ეს იყო ქვეყანა, სადაც აშშ-ის სამი პრეზიდენტი ჩამოვიდა ჩემი პრეზიდენტობის დროს, ჯორჯ ბუში, ტრამპი და ბაიდენი, რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი. ეს არის ქვეყანა, სადაც სიცოცხლის რისკის ფასად ექვსი ევროპელი ლიდერი დადგა ჩვენთან ერთად მოედანზე. ეს იყო ქვეყანა, სადაც ომის დროს ჩამოვიდა გერმანიის კანცლერი, თურქეთის პრეზიდენტი, ოთხი თუ ხუთი სხვა ლიდერი. ვერ ჩამოვთვლი, დიდი სამიტი გაიმართა საქართველოს დასაცავად, ბომბების ქვეშ პრაქტიკულად. ის, რაც ამათ ცეკვა-თამაში ეგონათ, იყო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებული ფუნქცია, როცა ექვსი ევროპელი ლიდერი იყო თბილისის ცენტრში ასობით ათასი ადამიანის წინ და ჩვენ შევინარჩუნეთ და გადავარჩინეთ ჩვენი დედაქალაქი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, როგორც სააკაშვილმა განაცხადა, რომ დაცლოდა, ლაზიკა უკვე აშენებული იქნებოდა და დღეს შავი ზღვის ყველაზე ბრწყინვალე პორტი იქნებოდა.

„ეს იყო ქვეყანა, სადაც ტურისტულ სეზონს გვიხსნიდა მონაკოს პრინცი, ოპერის სეზონს გვიხსნიდნენ კარერასი და დომინგო, ტურიზმი გაიზარდა 70 ათასიდან, როცა მე გავხდი პრეზიდენტი, ყველა გიჟს მეძახდა, როცა ვამბობდი, 5 მილიონი იქნება-მეთქი და 8 მილიონამდე გაიზარდა. ეს იყო ქვეყანა, რომელიც აშენებდა ახალ ქალაქებს. რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის სააკაშვილის აშენებული. რომ დამცლოდა, ლაზიკა უკვე აშენებული იქნებოდა და იქნებოდა შავი ზღვის ყველაზე ბრწყინვალე პორტი. ქუთაისი პრაქტიკულად ახალ ქალაქად იქცა. ჩემი კონცეფცია იყო, რეგიონები უნდა განვითადეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.