მელია არ უნდა დავაჭერინოთ არც ერთ შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მელია არ უნდა დავაჭერინოთ არც ერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! Enough is enough!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ უკან დახევა ახლა არ გამოვა.
„ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა მელიას და ოპოზიციის სხვა ლიდერებს, რომლებსაც ივანიშვილის რეჟიმი უპირებს დაპატიმრებას. ეს არის ის ზღვარი, რომელიც გადის დიქტატურასა და დემოკრატიის რაღაც ნიშნებს შორის. არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყნის ოკუპანტის წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისთვის დააპატიმრეს ოპოზიციის მთავარი ლიდერები; არ უნდა დავუშვით, რომ ისინი ჩასვან ციხეში; არ უნდა დავუშვათ, რომ ამ ბოროტებმა, ამ „ბეზპრედელშიკმა“ ივანიშვილმა გაიმარჯვოს. ივანიშვილის ბოგინი უნდა დამთავრდეს. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავაჭერინოთ მელია, რადაც უნდა დაგვიჯდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა აქტივისტი უნდა მობილიზდეს. ახლა არის მომენტი მობილიზაციის, საბოლოო, სრული მობილიზაციის. ახლა არის მომენტი ერთად დგომის, ერთმანეთის ხელის ჩაკიდების; ახლა არის მომენტი სრული, ტოტალური, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან გადამწყვეტი წინააღმდეგობის დიქტატურისა და ამ „ბესპრედელშიკის“, ამ საქართველოს დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ. ახლა უკან დახევა აღარ გამოვა და ყველანაირი მოწოდებები დანებებისა და ხელების ჩამოშვებისკენ.
საქართველო საფრთხეშია, ქართულ დემოკრატიას ბოლო ეღება და ახლა საჭიროა, ყველამ ამოვიღოთ ხმა, მიუხედავად წყენებისა, გასხვავებებისა, სხვადასხვა პარტიულობისა. ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ყველა უნდა დავდგეთ ერთად, ყველა მინუს ერთი, რათა გადარჩეს ჩვენი ქვეყანა და გადარჩეს თითოეული ჩვენგანი და თითოეული თქვენგანი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. მელია ხვალ დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით. გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.