მიხეილ სააკაშვილი - ლეგენდარული ბოტოქსი აბსოლუტური სიცრუეა, ეს იყო ჩვეულებრივი მკურნალობა კანის სნეულების, რომელიც 2008 წლის შემდეგ ნერვიულობის ნიადაგზე დამემართა
მიხეილ სააკაშვილი - ლეგენდარული ბოტოქსი აბსოლუტური სიცრუეა, ეს იყო ჩვეულებრივი მკურნალობა კანის სნეულების, რომელიც 2008 წლის შემდეგ ნერვიულობის ნიადაგზე დამემართა

ლეგენდარული ბოტოქსი აბსოლუტური სიცრუეა, ეს იყო ჩვეულებრივი მკურნალობა კანის სნეულების, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ექიმები ეუბნებიან, დაავადება მას აგვისტოს ომის შემდეგ ნერვიულობის ნიადაგზე დაემართა.

„ლეგენდარულ ბოტოქსს რაც შეეხება, ეს არის აბსოლუტური სიცრუე და არ ვიცი, შეცდომაა ეს ამათი სამსახურის. გაუგზავნეთ ყველა იმ კლინიკას, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ და მიიღეთ იმათგან დადასტურება, ეს თუ იყო კოსმეტიკური პროცედურა და თუ არ იყო ჩვეულებრივი მკურნალობა კანის სნეულების, რომელიც 2008 წლის შემდეგ ნერვულ ნიადაგზე დამემართა, როგორც ექიმები ამბობენ, ნიკა ყიფშიძემ კარგად იცის. სურათებზეც შეგიძლიათ ნახოთ, როგორ არის დასიებული სახე 2008 წლის შემდეგ და რეგულარულად საჭიროებდა რაღაც აპარატზე მიერთებას და ა.შ. მე არ ვიცი, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ან თქვენ მაგ ცარიელ ბლანკებში რა ჩაწერეთ, მაგრამ გაუგზავნეთ იმ კლინიკებს და მიიღებთ პასუხებს“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.