მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით რამდენიმე პირობას აყენებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრსა და პენიტენციური სამსახურის დირექტორს მიმართავს და კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით რამდენიმე პირობას აყენებს.
„საქართველოს იუსტიციის მინისტრს და პენიტენციური სამსახურის დირექტორს,
ვინაიდან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დასუსტებულია და ვფიქრობ, შეუთავსებელია სასიცოცხლო მაჩვენებლებთან, თანახმა ვარ კლინიკა „ვივამედში“ გადასვლაზე გამოკვლევებისთვის,
გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა და მკურნალობისთვის შემდეგი პირობებით:
1. მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს პირად ექიმს ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ „ემპათიადან“, რაც კანონით განსაზღვრულია და რაზეც აქამდე უკანონოდ მეძლეოდა უარი;
2. სამუშაო საათებში დაშვება ჰქონდეთ კანონით განსაზღვრულ პირებს, ადვოკატებსა და პარლამენტის წევრებს;
3. ყოველ გამოკვლევაში, დიაგნოსტიკაში, დანიშნულების დადგენასა და ასევე მკურნალობის შემდგომი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების ფაქტის განსაზღვრა მოხდეს პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი შემადგენლობით, ცენტრი “ემპათიის” ჩართულობით და მათი თანხმობის შემთხვევაში სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების მონაწილეობით;
4. როგორც კი აღნიშნულ საკითხებზე მივიღებ პასუხს, მზად ვარ, დაუყოვნებლივ გადავიდე „ვივამედში“;
5. გთხოვთ, აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღოთ ჩემი ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ჩართულობით“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების ჩატარება შესთავაზეს.