მიხეილ სააკაშვილი – იუშენკოს მე ვუთხარი, რომ არჩევნები კარგია, მაგრამ მხოლოდ არჩევნებით ხელისუფლებას არავინ მოგცემთ, უნდა მოამზადოთ რევოლუცია

16:15, 27.11.2026

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თავის დროზე, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იუშენკოს ურჩია, რომ მხოლოდ არჩევნებით ხელისუფლებას არავინ მისცემდა და რევოლუციისთვის მომზადებულიყო. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, მის ამ განცხადებას უკრაინაში ოპოზიციის უმცირესობის პროტესტი მოჰყვა.

„რევოლუციის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს იუშენკომ, რომელსაც რამდენიმე წელია, ვიცნობდი, ეგრევე დამპატიჟა კიევში, სადაც ოპოზიცია მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა. დავესწარი მათ საარჩევნო შტაბის გაფართოებულ სხდომას, სადაც საარჩევნო ტექნოლოგიებს იხილავდნენ. ბოლოს მე მომცეს სიტყვა, მე კი ვუთხარი „არჩევნები კარგია, მაგრამ მხოლოდ არჩევნებით ხელისუფლებას არავინ მოგცემთ, უნდა მოამზადოთ რევოლუცია“. ამან ოპოზიციის უმცირესობის პროტესტი გამოიწვია, მაგრამ სხდომის დამთავრების შემდეგ, ჩემთან მოვიდა შტაბის ერთ-ერთი უფროსი პოროშენკო და მითხრა, აბა, მომიყევი, რა არის საჭირო რევოლუციისთვის. მეც ვუთხარი, რომ დასჭირდებოდა კარვები, ახალგაზრდული როკ ჯგუფები, ინფლუენსერები, გათბობის აპარატები (არჩევნები სიცივის პერიოდში იმართებოდა) მკაცრად განსაზღვრული ერთი ლიდერი, თუმცა ამავე დროს მის გარშემო კოალიცია და რაც მთავარია, რეგიონების მოვლა, შეკრება და არდაშლა. ხელისუფლების შიგნით განხეთქილების შექმნა და კომპრომისზე არწასვლა. ასევე რევოლუციის რამე ბრენდი, როგორიც შემთხვევით, მაგრამ მაინც გახდა „ვარდების რევოლუცია“.

მართლაც მოვიდა შემდეგი შემოდგომა, როგორც ვამბობდი, არჩევნები გაყალბდა და ხალხი გამოვიდა მაიდანზე. ჩვენც ჩვენი კუთხით ფინანსების ნაწილი ვუპოვეთ (არ გეტყვით საიდან) და ჩვენს წარმომადგენლად რევოლუციის შტაბში გივი თარგამაძე მივავლინეთ, რომელმაც დიდი ავტორიტეტი მოიპოვა იმით, რომ ძირითადად იუშენკოს და იულია ტიმოშენკოს შორის იყო მომრიგებელი. რევოლუციამ გაიმარჯვა და მისი გამარჯვება რევოლუციის ლიდერებთან ერთად მაიდნის სცენაზე აღვნიშნეთ მე და სანდრამ ახალი წლის ღამე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი