მიხეილ სააკაშვილი - კვების აღდგენის პროგრამა ჩავარდა, ახლა ვარ იმავე წონაზე, რაც ვიყავი შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში
მიხეილ სააკაშვილი - კვების აღდგენის პროგრამა ჩავარდა, ახლა ვარ იმავე წონაზე, რაც ვიყავი შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გორის ჰოსპიტალი ყველაფერი იყო სამკურნალო დაწესებულების გარდა და იქ კვების აღდგენის პროგრამა მთლიანად ჩავარდა.

როგორც სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, პრაქტიკულად ვერ იღებს საკვებს, აქვს მუდმივი სისუსტე და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.

„გორის ჰოსპიტალში ვითომ მკურნალობა იყო სრული ბლეფი, რადგან რეფიდინგის, კვების აღდგენის პროგრამა მთლიანად ჩავარდა. მე ახლა ვარ იმავე წონაზე, რაც ვიყავი შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. დავიკელი სადღაც 12 კილო ბოლო დღეების განმავლობაში, პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს. კვირას დავკარგე მთლიანად ფეხების კონტროლი, ეს იწვევს მცირე ტკივილებს ფეხებში, ხელებში, ტკივილგამაყუჩებელი ნემსებით ხდება შემდეგ ამის მოხსნა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში თქვეს, რომ სიტუაცია არის მძიმე, რამდენადაც ექიმებმა პირადად მითხრეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გორის ჰოსპიტალი ყველაფერი იყო სამკურნალო დაწესებულების გარდა. იქიდან ბევრი გაგებით უარესი მდგომარეობით დავბრუნდი, ვიდრე მიმიყვანეს. რა თქმა უნდა, ეს საპატიმრო საერთოდ არ არის მორგებული რამის სამკურნალოდ, თუმცა მადლობელი ვარ იქაური ექიმების, რაც შეუძლიათ, აკეთებენ და მადლობელი ვარ იმ ექიმის, ვინც აქ მომყვა, რომელმაც გამომიყვანა მდგომარეობიდან. ვერ შევძლებდი სხდომის გაგრძელებას, თუარა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც გამიკეთა ახლა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო ამოსუნთქვამდე გააგრძელებს ბრძოლას.

„რაც არ უნდა მომივიდეს, მინდა, ყველამ იცოდეს, მე ამ ბრძოლას ბოლო ამოსუნთქვამდე გავაგრძელებ. აქ საწუწუნოდ არ მოვსულვარ, არავის თავის შესაცოდებელი მე არ მჭირს. ვიცი, რაზე მივდიოდი და მაინც მინდოდა ამ კრიტიკულ სიტუაციაში განმეხორციელებინა მცდელობა, გადაგვერჩინა საქართველო. როგორ გამომივიდა ეს, ამას ხალხი განსაზღვრავს და ისტორია ალბათ განსჯის. მაქვს მუდმივი ზოგადი სისუსტე, მთლიანი მოშლა ძილის და ყველაფრის, რადგან ესაა პოსტრავმული სინდრომი. ვიღებ იმავე წამლებს ძილისთვის და დამამშვიდებლებს, რასაც ვიღებდი კოვიდის შემდეგ ციხეში მოხვედრამდე, პოსტკოვიდური წამლებია, ახლა, ნეიროპატიასთან დაკავშირებული რაღაც წამალი მოვითხოვე, მათ შორის მოვითხოვე ვიტამინი, რომელსაც ასევე ვიღებ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მანამდე, სასამართლო პროცესზე მცირე ხნით შესვენება იყო გამოცხადებული, რადგან მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ექიმის დახმარება სჭირდებოდა. დღევანდელი პროცესი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს ეხება.