მიხეილ სააკაშვილი - ერთი მხრივ, არსებობს პუტინი, რომელსაც უკრაინა არ სჭირდება, მეორე მხრივ - დასავლეთი კოლონიალური მიდგომებით
ზედმეტად წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, ისევე, როგორც არავის სჭირდებოდა ზედმეტად წარმატებული საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში, უკრაინელებან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ერთი მხრივ, არსებობს პუტინი, რომელსაც უკრაინა არ სჭირდება, მეორე მხრივ – დასავლეთი კოლონიალური მიდგომებით.
„უკრაინის რეფორმები და ცვლილებები საზღვარგარეთისთვის არ უნდა ჩატარდეს. დღეს დავინახე სათაური გამოცემა „უკრაინასკაია პრავდაში“ – მაკრონი უმტკიცებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომ მათთან მოლაპარაკებას შეძლებს. არაა საჭირო არავისთან მოლაპარაკება. უკრაინაში რეფორმები საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის არ უნდა ტარდებოდეს.
კარგად ვიცნობ ამ სტრუქტურებს და მინდა გითხრათ, რომ დიახ, ევროპელებს სურთ, რომ უკრაინა არსებობდეს, რომ ის იყოს წარმატებული რაღაც ჩარჩოების ფარგლებში. ზედმეტად წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, თავს ნუ მოვიტყუებთ, ისევე, როგორც არავის სჭირდებოდა ზედმეტად წარმატებული საქართველო. ყოველთვის ყველას, მათ შორის, დასავლურ ქვეყნებს. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს ვლადიმერ პუტინი, რომელსაც უკრაინა საერთოდ არ სჭირდება, ვისთვისაც უკრაინა ანაქრონიზმია, ვერ ხვდება, რატომაა, რისთვისაა ეს ქვეყანა. მეორე მხრივ კი, არის დასავლეთი, რომელსაც ასევე კოლონიალური მიდგომები აქვს, რომ კი, იყოს უკრაინა, არსებობდეს, ოღონდ სადღაც კუთხეში. რად უნდათ უკრაინული ავიამშენებლობა, რად უნდათ უკრაინის კოსმოსური სფერო, რად უნდათ უკრაინული მაღალი ტექნოლოგიები, მათ უკრაინა სჭირდებათ, როგორც სამუშაო ძალა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.