მიხეილ სააკაშვილი - დავით აღმაშენებელს გალობანი სინანულისანი არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების ტყვეობაზე და სელჩუკების სასამართლოს წინაშე, მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და სინანულს, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ
მიხეილ სააკაშვილი - დავით აღმაშენებელს გალობანი სინანულისანი არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების ტყვეობაზე და სელჩუკების სასამართლოს წინაშე, მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და სინანულს, გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ

ფიქრი, იმაზე, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად, ეს რეფლექსია მე მაქვს მთელი წლები, ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებასთან მას ბევრი აქვს სალაპარაკო, თუმცა ეს არ ეხება უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

„ბევრი მოთხოვნა იყო, წინა ჩემს გამოსვლაში რატომ არ გამოვხატე მეტი ბოდიშის განცდა და მეტი სინანული. ვინც სინანულისკენ მომიწოდებდა, როდესაც ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები, გასაგებია, მათთვის ეს დაახლოებით ისეთივე სინანულია, როგორც სტალინი აწყობდა ღია პროცესებს, ყველა აღიარებდა თავის ბრალს და მერე ყველას ხვრეტდნენ თავისივე აღიარებული საჯარო ბრალის საფუძველზე. იმ ხალხის მიმართ მე არანაირი სასინანულო არ მაქვს. რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, დანარჩენ საზოგადობასთან მე ბევრი მაქვს სალაპარაკო, მთლიანად საზოგადოებაზე. ჩემი საპრეზიდენტო ფიცი მე დავდე დავით აღმაშენებლის საფლავზე, და დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი, ეს არის პიროვნული პასუხისმგებლობის, მმართველის პასუხისმგებლობის, მორალური კატეგორიის ერთმანეთთან შეწონვა-აწონვა და საზოგადოების წინაშე პასუხისგება, რეფლექსია, ფიქრი, იმაზე, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად. გარწმუნებთ, ეს რეფლექსია მე მაქვს მთელი ეს წლები და ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი.

მაგრამ, დავით აღმაშენებელს გალობანი სინანულისანი არ წარმოუთქვამს, ის არ მოყოლილა თურქ-სელჩუკების ტყვეობაზე და თურქ სელჩუკების სასამართლოს წინაშე. მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის. როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, გთხოვთ, გაიგეთ, რა მდგომარეობაში  ვარ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.