მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში, ავავსეთ და წავედით ცარიელები
მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში, ავავსეთ და წავედით ცარიელები

ჩვენ საქართველოს ბიუჯეტი გავზარდეთ 12-ჯერ, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, სამუშაო ადგილები გაიზარდა თითქმის ორჯერ. რაც მთავარია, ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში, ავავსეთ ის და წავედით ცარიელები, –  ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, როცა საქართველოდან წავიდა, საჭმლის ფულის პრობლემა ჰქონდათ, თუმცა ბოლო წლებში უკრაინაში მისი გამოცდილება სათანადოდ დაფასდა.

„მინდა, ვთქვა და საქართველოს ხალხმა ეს იცის, ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში, სადაც ბიუჯეტში იყო ნული, იყო მრავალი თვის გაუცემელი პენსიები და ხელფასები. კარგად მახსოვს, გვაჩუქეს სურათი, ორი მოხუცებული წყვილი ზის თავის კომოდთან და კომოდი არის ცარიელი. მიწერილი ჰქონდა ამ სურათს, მიშა, ძალიან გთხოვ, აგვივსე ეს კომოდი. ჩვენ რაც შევძელით, ავავსეთ. ჩვენ საქართველოს ბიუჯეტი გავზარდეთ 12-ჯერ, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, ესეიგი, ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სამუშა ადგილები გაიზარდა თითქმის ორჯერ. რაც მთავარია, ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში , ავავსეთ ის და წავედით ცარიელები. სანდრა და ჩემი შვილი ნიკუშა ცხოვრობენ იმავე სახლში, რომელიც ჩვენ გვაჩუქა ბაბუამისმა ედუარდმა, დედაჩემი აქამდე ცხოვრობდა იმ სახლში, სადაც მე გავიზარდე და გადავიდა ბებიაჩემის და ბაბუაჩემის 1994, თუ 95 წელს დაწყებულ  მშენებლობაში, როგორც იქნა დამთავრდა ის მშენებლობა და იქ არის ახლა გადასული.

ყვარელში ვერ დავამთავრე ის, რაც მინდოდა, მაგრამ  აუცილებლად დავამთავრებ, მაქვს ოცნება, რომ პატარა კრედიტი გამოვიტანო და 40-ნომრიანი სასტუმრო გავაკეთო, მაგრამ დღეს რაც არის, ყველას შეგიძლიათ, წახვიდეთ და ნახოთ. იყო დრო, როდესაც წავედი საქართველოდან, რომ მართლა საჭმლის ფულის პრობლემა გვქონდა და დედაჩემმა კარგად იცის. შემდეგ დავიწყე ლექციების კითხვა, ბოლო წლებში უკრაინაში ვაღიარებ, რომ ესე კარგად არასდროს ვყოფილვარ, რადგან როგორც იქნა მოხდა ბიზნეს სექტორის და ზოგადად სახელმწიფოს მიერ ჩემი გამოცდილების სათანადოდ დაფასება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.