მიხეილ სააკაშვილი - არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს, ედუარდი არის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანი
მიხეილ სააკაშვილი - არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს, ედუარდი არის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანი

არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს, ედუარდი არის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მას ეამაყება, რომ ძალიან ბევრ ქართველ სტუდენტს გაუხსნა გზა საერთაშორისო უნივერსიტეტებში.

„წეღან ახსენეს ჩემი შვილი ედუარდი, რომ დავხარჯეთ მის სწავლაზე ამერიკულ აკადემიაში, სადაც ის იყო ყველა დროის საუკეთესო კურსდამთავრებული, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ ამერიკული აკადემიის არქივებში. მეგობრებო, 2013 წელს 5 მილიონი გადავურიცხე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, თუ არ ვცდები ციფრი ასეთი იყო, 5 მილიონს მინუს-პლიუს, ქართველი სტუდენტების უცხოეთში გასაშვებად. უფრო სწორად 6 მილიონ 300, თქვენ რამდენი გადარიცხეთ? ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით, ედუარდი არის ერთადერთი ქართველი ახალგაზრდა, რომელის გინესის რეკორდების წიგნში შევიდა კომპიუტერთან დაკავშირებული რაღაც რეკორდით, მარტო ამისთვის ეკუთვნოდა მას სრული დაფინანსება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს, ეს არის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ხშირად არ მეთანხმება. შემდეგ იყო სხვა უნივერსიტეტი, სადაც უკვე ბაბუამისმა დაუფინანსა განათლება, სადაც იყო ასევე საუკეთესო სტუდენტი და რამდენი ადამიანია, რომელსაც დღეგამოშვებით, ახლა შეგიძლიათ ნახოთ, არის „ბიბისიზე“, „სიენენზე“ და სხვა ძირითად ტელესადგურებზე. ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ იმ ფონზე, როცა ათობით მილიონი დავხარჯეთ საუკეთესო ქართველი სტუდენტების გაგზავნაში, ყველა ვინც 50 საუკეთესოში ხვდებოდა, ავტომატურად იღებდა სახელმწიფო დაფინანსებას, იმ პირობებში როდესაც ჩამოვგვყავდა 2 500 ამერიკელი მასწავლებელი, რათა მარტო ჩემს შვილს კი არ ჰქონოდა ინგლისურის სწავლების საშუალება, არამედ ყველა ადამიანის შვილს ჰქონოდა ეს შესაძლებლობა ყველაზე შორეულ სოფელშიც და ყველაზე მიყრუებულ გარეუბანში. დიახაც, მე ვამაყობ, რომ ამ ფონზე, როცა ძალიან ბევრს ქართველ ახალგაზრდას გავუხსენით გზა, ასევე ჩემი შვილიც აღმოჩნდა ნიჭიერი, თუ ვინმე ამას უარყოფს, რომ ის ნიჭიერია და ოროსანია ზოგიერთებივით, ეს თქვენი შეფასების თემაა. მეგობრებო ყველას კარგად გესმით, რაზე არის ეს პროცესი. ეს პროცესი არის დაშინებული, აკანკალებული ოლიგარქის მცდელობა, მოახდინოს ჩემი გაჩუმება, ცდილობდა ჩემს მორალურ გატეხვას“, – განაცხადა სააკაშვილმა.

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.